აღმოსავლეთ უკრაინა წინააღმდეგობისთვის ემზადება

ერთიანობის მომხრე აქტივისტები ცდილობენ პრო-რუსულ მოწინააღმდეგეებს წინააღმდეგობა გაუწიონ
დონეცკში შეკრებილი, პრო-რუსულად განწყობილი მასის შუაგულში, მოზარდი, სახელად კოლია, შეუმჩნევლად დარჩენას ცდილობს. მაგრამ ეს ადვილი არ არის. მას ხელში ციფრული კამერა უჭირავს და პრო-უკრაინული ვებ-გვერდისთვის, ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას ახდენს. ანტი-რუსულად განწყობილ მის თანამოაზრეებს, ამით მოვლენებზე დაკვირვების საშუალება ეძლევათ. კოლიამ ბარიკადებს შიგნით შეღწევა შეძლო. ეს საშიში თამაშია, მაგრამ ის იქიდან უვნებლად გამოდის.

მოგვიანებით კოლია იგივე აპარატზე გვაჩვენებს რადიო პროგრამას, რის მეშვეობითაც მისი თანამოაზრე აქტივისტები მოქმედებების კოორდინაციას ახერხებენ.

„ასე ვპოულობთ იმ ადამიანებს, ვისაც უკრაინაში ცხოვრება სურს... ვისაც დონეცკის რეგიონის რუსული ოკუპაციისგან დაცვა სურს.“

დონეცკში, მართლმადიდებელი სამღვდელოება წინა ხაზზე დადგა.

მთავარ გზაჯვარედინზე, ძველი საბჭოთა სიმბოლოებით გაფორმებული მონუმენტის ქვეშ, მათ უკრაინული ორფეროვანი დროშა აქვთ გაშლილი და ყოველ საათს ეროვნული ერთიანობისთვის ლოცულობენ. იმ ქალაქში, სადაც ყველა სხვა ადგილი რუსული სიმბოლიკით არის გაფორმებული, ეს მამაცი ნაბიჯია. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მღვდელი პეტრო მატიშენკო ამბობს, რომ ისინი მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

„თავდაპირველად დონეცკში, ცენტრალურ ლენინის მოედანზე დავიწყეთ ლოცვა, მაგრამ ჯოხებით და ქვებით დაგვესხნენ თავს. ადამიანები ჯერ კიდევ ბოროტი და აგრესიულები არიან, აქ მოსვლას და კარვის განადგურებას ცდილობენ.“

ერთიანობის მომხრე აქტივისტები გზაჯვარედინის მიმდებარე კაფეში არიან შეკრებილნი და სამღვდელოების კარავს დარაჯობენ. ისინი, დაბალი ხმით, პრო-რუსული ამბოხებულების მოგერიებას გეგმავენ.

სერგეი ერიომინი, დონეცკის თვითგამოცხადებული, თავდაცვის ძალის საბჭოს ხელმძღვანელია.

„აქ შეიძლება სრული სამოქალაქო ომი მოხდეს, წინააღმდეგობის მოძრაობის ჩათვლით. რუსეთის ინტერვენციას ხალხი ჩუმად არ შეხვდება. ისინი აქ პრობლემებს გადააწყდებიან, ისე არ იქნება, როგორც ყირიმში.“

ერთიანობის მომხრე აქტივისტები ცდილობენ თავის პრო-რუსულ მოწინააღმდეგეებს წინააღმდეგობა გაუწიონ. დონეცკში, შაბათს ასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე. ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთიანობის ნიშნად, მათ ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს. ასეთივე დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ერთ-ერთი დემონსტრანტი ამბობს:

„აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთად არიან. მე მსურს, რომ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. ჩვენ, უკრაინელები , ყველანი ძმები ვართ.“

დონეცკში ამას ბევრი არ ეთანხმება. ჯერ-ჯერობით ორივე მხარე განცალკევებულია და კონფლიქტისთვის ემზადება.