შესაძლოა ამ კვირაში დონალდ ტრამპს ნიუ-ორკში ბრალი წაუყენონ პორნო-მსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლოდ, ფულის გადახდის სავარაუდო დამალვისთვის, რაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.
მაგრამ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესამდე შესაძლოა წელიწადზე მეტი გავიდეს და დაემთხვეს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო თვეებს, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
გასულ კვირაში, ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოაცხადა, რომ სამშაბათს დაპატიმრებას მოელის და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით პრეს-მდივანმა თქვა, რომ ტრამპს მომავალი დაპატიმრების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყომანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრაგმა, ნიუ-იურკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები პორნ-მსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.
ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპი გახდება ამერიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება. გამოკითხვების თანახმად, ნომინაციისთვის რბოლაში, ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს, მათ შორის ფლორიდის ყოფილ გუბერნატორ რონ დესანტისს უსწრებს, რომელიც დიდი ალბათობით თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.
ნიუ-იორკში, ტიპიურ კრიმინალურ საქმეებს ბრალის წაყენებიდან სასამართლომდე მისვლამდე, საშუალოდ ერთ წელიწადზე მეტი სჭირდება. ტრამპის საქმე კი ტიპიური არ არის.
ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ტრამპი სასამართლოს წინაშე 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის დროს, ან სულაც არჩევნების დღის შემდეგ წარსდგეს. არჩეული პრეზიდენტის ან პრეზიდენტის შტატის მიერ წაყენებული ბრალდებით გასამართლება, შესაძლოა აქამდე სრულიად უცნობ სამართლებრივ სივრცეში გადავიდეს. არჩევის შემთხვევაში, მას შტატის ბრალდებიდან საკუთარი თავის შეწყალების უფლება არ ექნება.
ნიუ-იორკის საქმე ერთ-ერთია იმ საქმეებიდან, რომლებიც ტრამპის გარშემო მიმდინარეობს. მათ შორისაა ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის გამოძიება, ასევე 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეებზე ფედერალური გამოძიებები.
ტრამპმა პროკურორ ბრაგს, არჩეულ დემოკრატს, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მის სამიზნედ ქცევაში დასდო ბრალი და ამის საფუძველზე ბრალდების გაუქმებას შეეცდება.
ტრამპი სავარაუდოდ სხვა გზებსაც მიმართავს და შესაძლოა ზოგიერთი მწვავე იურიდიული საკითხი იყოს, რომელთა გადაჭრასაც დიდი დრო დასჭირდება.
უახლოეს პერსპექტივაში, ბრალის წაყენებამ შესაძლოა ტრამპი ვალდებული გახადოს ნიუ-იორკის საოლქო პროკურორის ოფისში მივიდეს და ჩაბარდეს. ე.წ. „თეთრი საყელოების“ საქმეების დროს, ბრალდებულთა ადვოკატები და პროკურორები, როგორც წესი, პირის სახლში მისვლის და დაპატიმრების ნაცვლად, თარიღზე და დროზე თანხმდებიან.
ექსპერტებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ, ფოტოს გადაუღებენ და სასამართლოში წარსდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ. შემდეგ, სავარაუდოდ, მისი პირადი პასუხისმგებლობით, შინ დაბრუნების უფლება მიეცემა.
ტრამპის ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ განაცხადა, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპი ჩაბარდება. ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორებმა ფლორიდის შტატიდან მისი ექსტრადაცია უნდა მოითხოვონ, რაზეც ფორმალური თანხმობის გაცემა გუბერნატორ რონ დესანტისს მოუწევს.