შეერთებული შტატების ორგზის თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ტაოსში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა.
რამსფელდი პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის მმართველობის დროს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ასევე ნახეთ: რამსფელდის დაბრუნება 13 წლის შემდეგმას გამორჩეული და უაღრესად წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა. ის ამერიკის ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ასევე ყველაზე ხანდაზმული თავდაცვის მდივანი იყო.
დონალდ რამსფელდი საქართველოს მეგობარი იყო. ამერიკის ისტორიაში ის პირველი თავდაცვის მდივანი იყო, რომელიც 2001 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. საქართველოში ის ორი წლის შემდეგ 2003 წელს, ასევე თავდაცვის მდივნის პოზიციაზე მუშაობის დროს დაბრუნდა. ბოლოს კი რამსფელდი საქართველოში 2016 წელს იმყოფებოდა, როცა ის ამერიკის საჯარო სამსახურში აღარ მსახურობდა.
საქართველო-ამერიკის მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას საფუძველი დონალდ რამსფელდის მდივნობის პერიოდში ჩაეყარა. მის მიერ შემუშავებული პროგრამა იყო 64 მილიონი დოლარის ოდენობის "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა", რომელიც 2002 წელს დაიწყო და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„ისტორიას შეიძლება ის დაამახსოვრდეს მისი არაჩვეულებრივი მიღწევებისთვის ექვს ათწლეულზე მეტი ხნით საჯარო სამსახურში ყოფნის გამო. მაგრამ მათ, ვინც მას კარგად იცნობდა და ვისი ცხოვრებაც მან მათთან ურთიერთობით შეცვალა, ის დაამახსოვრდებათ უპირობო სიყვარულით მეუღლე ჯოისის, მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ და პატიოსანი ცხოვრებით, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა“, ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.