მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიადვილის მე-13 ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 189 ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს სწავლობს. ანგარიშის თანახმად, საქართველო 24-ე ადგილზე ერთერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ლიდერობს ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ბიზნეს რეგულაციების გაუმჯობესებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.
ორი განსაკუთრებული მიღწევა, რომელიც ანგარიშშია გამოკვეთილი, სამშენებლო ნებართვების გასაცემად საჭირო ვადების შემცირება და კონტრაქტების დასაცავად სასამართლოში დავის ელექტრონული ფორმით შეტანის დანერგვაა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სასამართლოში თავდაპირველი სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა არა მხოლოდ პროცესს აჩქარებს, არამედ „ზრდის სასამართლოს გამჭვირვალობას, ამცირებს კორუფციის შესაძლებლობას და ზღუდავს სასამართლო ჩანაწერების დაკარგვის, განადგურების ან დამალვის შესაძლებლობას. “საქართველოსთან ერთად, ეს რეფორმა იტალიამ განახორციელა.
ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიადვილის შესწავლა დაიწყო - საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია. ამ კატეგორიაში მეორე ადგილზე რუანდაა. ამ პერიოდის განმავლობაში თითო სულ მოსახლეზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 66% -ით, ხოლო ბიზნესების რაოდენობა კი სამზე მეტჯერ გაიზარდა.
სრული შეფასება
189 ქვეყანას შორის საქართველო ბიზნესის დაწყების სიადვილით 6-ე ადგილზეა, მშენებლობის ნებართვის გაცემის სიადვილით 11-ზე, ელექტრო ენერგიაზე ხელისაწვდომობის მხრივ 62-ზე და კერძო საკუთრების გაფორმების მხრივ კი 3-ზე.
რეგიონის მასშტაბით, კატეგორიაში, რომელშიც ევროპისა და შუა აზიის ქვეყნები 0-100 ქულით ფასდება, საქართველოს კრედიტის მიღების მხრივ 7 ქულა, უმცირესობების ინვესტიციების დაცვის მიმართულებით 20 და კონტრაქტების აღსრულების კატეგორიაში კი 13 ქულა აქვს.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 4.5 მილიონს შეადგენს და სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა წელიწადში 3 720 დოლარს წარმოადგენს.
ზოგადი რეიტინგი
ანგარიშის თანახმად, რეიტინგის მიხედვით პირველი 20-ეული თითქმის უცვლელი დარჩა. სინგაპური ბიზნესის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანად სახელდება. 20-ეულში ზოგიერთმა ქვეყანამ ადგილი შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზოგადი სურათი იგივე დარჩა. ორი ქვეყანა, რომელიც შარშან ამ ჯგუფში შედიოდა, ხოლო წელს კი 20-ეულს აღარ ეკუთვნის საქართველო და შვეიცარიაა. მათი ადგილები ლიტვამ და იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკა მაკედონიამ დაიკავა.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შემდეგი რეიტინგები აქვთ: სომხეთი 35, რუსეთი 51, მოლდოვა 52, აზერბაიჯანი 63, უკრაინა 83. რეიტინგში ბოლო სამი ადგილი სამხრეთ სუდანს, ლიბიას და ერითრიას უკავიათ.
პირველ ათეულში შემდეგი ქვეყნები შედის: სინგაპური, ახალი ზელანდია, დანია, კორეის რესპუბლიკა, ჰონგ კონგი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ავტონომია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი.
შრომის ბაზრის რეგულაციები
დასაქმების ბაზრის შეფასება სამი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, მათ შორის, სამსახურში დაქირავების რეგულაციები და სამუშაო განრიგია. წლევანდელ ანგარიშში საქართველო და ახალი ზელანდია გამოიკვეთა ქვეყნებად, რომლებმაც ფასიანი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა გაზარდეს.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანის მინიმალური თვიური ხელფასი 23.17 ამერიკული დოლარია. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი უგანდაშია და ეს $2.28-ს შეადგენს. ყირგიზეთში ადამიანი თვეში $18 იღებს, მალავიში $34, ლიბერიაში $52, ნიგერში $56, მადაგასკარში $61, უკრაინაში $119, რუსეთში $264 (მოსკოვში $420), სომხეთში $119 და აზერბაიჯანში $133.
ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების სიას ნორვეგია ლიდერობს თვეში $3721-ით, მას ლუქსემბურგი მოსდევს $3061-ით. ამერიკაში საშუალო თვიური შემოსავალი $1541-ია. ამ სეიაში ასევე შედის ავსტრალია ($2396), ბელგია ($2331) და ფინეთი ($2276).
ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვირის განმავლობაში სამუშაო დღეების მაქსიმუმი 7 დღეა. ამ მონაცემით, საქართველო 189 ქვეყნიდან მცირერიცხოვან ჯგუფში შედის, სადაც სამუშაო დღეების დაშვებული რაოდენობა 5.5 ან 6 დღემდე არ იზღუდება.