არ ჩაერთოთ ისრაელის კრიზისში - ამერიკელი გენერალი ირანს აფრთხილებს

ამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში, ვაშინგტონი ამბობს, რომ არ სურს კონფლიქტის გაფართოება.

აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გზავნილი აქვს მას ირანინისთვის ამბობს: „არ ჩაერთოს“.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ირანი ისრაელზე მომხდარი თავდასხმის თანამონაწილეა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გაჩნია სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში ირანის ჩართულობას.

„ჩვენ გვსურს გავგზავნოთ ძლიერი გზავნილი. ჩვენ არ გვინდა ეს [ომი] გაფართოვდეს. იდეა არის, ის რომ ირანმა ეს გზავნილი ხმამაღლა და ნათლად გაიგოს“,- ამბობს გენერალი ბრაუნი, რომელიც თანამდებობაზე გასულ კვირას მას შემდეგ დაინიშნა, რაც გენერალი მილი პენსიაზე გავიდა.

ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორი ისრაელის სამხედრო დახმარებას აძლიერებს და ქვეყანაში დამატებით ამუნიციას აგზავნის, რათა ისრაელმა უპასუხოს ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა „ჯერალდ ფორდის“ ავიამზიდიც. გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო რაც ისრაელმა მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ომი გამოაცხადა.

„ეს აგზავნის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ მესიჯს ისრაელისთვის. მაგრამ ასევე არის ძლიერი შეკავების გზავნილი კონკრეტული კონფლიქტის გაფართოების შესაჩერებლად,“- ამბობს ბრაუნი.

ტერორისტულმა დაჯგუფებმა ჰამასმა ისრაელზე იერიში შაბათს ხმელეთიდან და ჰაერიდან ერთდროულად მიიტანა. ჰამასის მებრძოლებმა რამდენიმე სოფელი აიღეს, გაიტაცეს და დახოცეს ადგილობრივი მაცხოვრებლები. ჰამასი თავს დაესხა მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ახალგაზრდებსაც, სადაც სულ ცოტა 270 ადამიანი მოკლეს, ათობით დაშავდა და ბევრი ახალგაზრდა გაიტაცეს.

ამ დროისათვის სავარაუდოდ ტყვეობაში რჩება 150 ადამიანი, მსხვერპლი კი 800-ს შეადგენს. გატაცებულთა რაოდენობას ამ ეტაპზე ისრაელი არ ადასტურებს. ჰამასის მებრძოლებისგან ისრაელის თქმით, მან ყველა სოფელი უკვე გაათავისუფლა.

9 ოქტომბერს, ლიბანში დაფუძნებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელზე იერიში მიიტანა. საპასუხო ცეცხლს ჰეზბოლას სამი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. ისრაელი ამბობს, რომ მანამდე ლიბანში მცხოვრები პალესტინელების იერიშს ერთი ებრაელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ბოლო მასშტაბური დაპირისპირება 2006 წელს მოხდა, ომი მაშინ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა.