უკანონო დაკავებების ქრონიკა

ცხინვალი აქტივისტის წინააღმდეგ

უკანასკნელი ცნობის თანახმად, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 6 იანვარს გააჟღერა, ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. ზოგადად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ტყვეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირობით ხასიათს ატარებს. ოფიციალური მონაცემები, რაც გასული წლების დაკავებების სტატისტიკის თაობაზე ქვეყნდება, არაა თანხვედრაში ინფორმაციასთან, რაზეც ჟურნალისტებს მიუწვდებათ ხელი.

„გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში დღეს-დღეობით იმყოფება საქართველოს ექვსი მოქალაქე. მათი გატაცების პირველივე წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი უწყებების ყველა წარმომადგენელი ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში. რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას“,- განაცხადა შერიგების მინისტრმა თეა ახვლდიანმა.

Your browser doesn’t support HTML5

შერიგების მინისტრის განცხადება

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში რჩება ქართველი ვეტერანი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობები არ ვრცელდება. საერთაშორისო წითელი ჯვარი დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა და პროცედურის თანახმად, მათი წერილიც წაიღო, თუმცა პასუხი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია მამუკა ჩხიკვაძე, ან შეხვდა თუ არა საერთაშორისო წითელი ჯვრის ცხინვალის წარმომადგენლობას მას, არ არსებობს.

მამუკა ჩხიკვაძის მეგობრები სამხედრო სამსახურიდან რამდენჯერმე შეიკრიბენენ და შეეცადნენ ხმა მიეწვდინათ შესაბამისი ორგანოებისთვის მაღალი რისკის თაობაზე, მამუკას სიცოცხლესთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ ასევე ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის პრეცენდენტი არსებობს, რომელიც წამების მსხვერპლი აღმოჩნდა ცხინვალის იზოლატორში და ამის გამო გარდაიცვალა, საშიშროება მამუკას სიცოცხლის უფლების დაცულობასთან დაკავშირებით, მაღალია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მამუკა ჩხიკვაძის დაკავების თაობაზე საზოგადოებამ 12 დეკემბერს შეიტყო.

შრალი სტატისტიკა ცხინვალის ციხეში დაკავებულების თაობაზე ამ დრომდე შემდეგნაირად გამოიყურება.

1 დეკემბერს ჯავის მიმდებარედ, სოფელ ვანელთან დააკავეს საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯანელიძე. მას, ამ გზის გავლით, რუსეთში სურდა მოხვედრა. ის 3 დეკემბერს გადმოსცეს ქართველ სამართალდამცავებს. ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ ჯანელიძემ განაცხადა, რომ დაკავებისას სცემდნენ, მხოლოდ ისეთ ადგილებზე, რომ ამას სახეზე, ვიზუალური ხასიათის დაზიანება არ გამოეწვია. „კეფაში მირტყამდნენ, მაგრამ ხელი არ შევუბრუნე, შემეშინდა, რომ ამის გამო, შეიძლებოდა ციხეში პატიმრობის დროს მომიმატებდნენ“,- განაცხადა მალხაზ ჯანელიძემ.

Your browser doesn’t support HTML5

ცხინვალის ციხეში ძალადობის შესახებ

10 დეკემბერს, ხურვალეთის მიმდებარედ, სოფელ წინაგარასთან რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი დააკავეს. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დაკავებული მოქალაქეები მათ რიგებში არიან, ვინც ამ დრომდე რჩება ცხინვალის ციხეში.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა მამუკა ჩხიკვაძის დაკავების თაობაზე. მის უფლებების ადვოკატირებაზე განსაკუთრებით ზრუნავს ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. ორგანიზაციის დახმარებით, მამუკა ჩხიკვაძის საქმემ სტრასბურგის სასამართლომდე მიაღწია, რის შედეგადაც, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მიმართა და დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.

რუსეთის ფედერაციას, რომელიც ევროსასამართლოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეა, დაევალა აცნობოს სტრასბურგს, იმყოფება თუ არა მამუკა ჩხიკვაძე პატიმრობაში, რა პირობებში განხორციელდა მისი დაკავება და რა იყო ამის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სტრასბურგმა რუსეთს დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 2022 წლის 4 იანვრამდე მისცა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ვადა გავიდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებით 20 დღე ითხოვა ინფორმაციის შესაგროვებლად მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე.

დავით ქაცარავა, ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ვადის გახანგრძლივებაზე მოთხოვნა წარმოადგენს მამუკა ჩხიკვაძისადმი განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის დასტურს. „მამუკა ჩხიკვაძის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ხელოვნურად აჭიანურებენ. ვერც საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები ახერხებენ მასთან შესვლას და მონახულებას. ეს ამტკიცებს, რომ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია,“- ამბობს დავით ქაცარავა.

2021 წლის 19 დეკემბერს ცხინვალის ციხიდან გელა გოჭოშვილი განთავისუფლდა. ის უკანონო პატიმრობაში 2021 წლის 14 აგვისტოდან იმყოფებოდა.

3 დეკემბერს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ოთხი მოქალაქე, რამინ მჭედლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, ავთანდილ თომაშვილი და გიორგი დემურიშვილი გაიტაცეს, ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ გაუმართლათ, რადგან ისინი მეორე დღეს, 24 დეკემბერს დაუბრუნდნენ ოჯახებს.

Your browser doesn’t support HTML5

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო

მორიგი დაკავება 27 დეკემბერს განხორციელდა, როდესაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოპანასთან ქარელის სოფელ ავლევში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოჩიაშვილი დააკავეს.

29 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთან საქართველოს ორი მოქალაქე ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი დააკავეს. იმ დროს, როდესაც ისინი ტყეში იმყოფებოდნენ, მათი მისამართით რუსმა მესაზღვრეებმა ჯერ ისროლეს, შემდეგ კი დაემუქრნენ და დაატყვევეს. დაკავებულები მეორე დღეს, 30 დეკემბერს განთავისუფლდნენ და მათ მიმართ სროლის თაობაზე ჟურნალისტებთან დაადასტურეს.

Your browser doesn’t support HTML5

რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნეს

„ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ გრემისხევში დაკავებულების ოჯახთან როდესაც ჩავიდა, აღმოაჩინა, რომ ის ავტომანქანა, რითაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, რუსი მესაზღვრეების მიერ ხელოვნურად იყო დაზიანებული და გაძარცვული. მას შემდეგ, რაც ავტომანქანაში მყოფი მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნეს, ორი პირი გაიტაცეს, მესამემ, დათო მიშველაშვილმა თავს გაქცევით უშველა და დაკავებულების თაობაზე ამბავი სოფელში ჩაიტანა. მან, ერთი წლის წინანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რუსებთან ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ ისროდნენ, გაქცევა ამჯობინა. მიშველაშვილმა ერთი წლის წინ უკვე გამოსცადა ცხინვალის ციხე.

ანტიოკუპაციური მოძრაობა ახლა საკუთარი ძალებით ცდილობს ბეჟიტაშვილის ოჯახის „მარჩენალი“ ავტომანქანის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანას და ამისთვის სახსრების მობილიზებას ახდენს.

Your browser doesn’t support HTML5

რუსი მესაზღვრეების მიერ მიყენებული ზიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი დაკავებულის თაობაზე. 23 წლის ლაშა ხეთერელი იქ უკვე მეექვსედ მოხვდა. ახალგაზრდის მიმართ ამგვარი სასტიკი ქმედების საფუძველი რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ხეთერელი ბებიასა და პაპას სოფელ სვერში აკითხავს. ლაშას დედის მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, დიდი ლიახვის ხეობაში. ბებია ეთნიკურად ოსია, პაპა ქართველი. ლაშა ხეთერელი ახალ წელს, 2021-ში ცხინვალის ციხეში შეხვდა. ქართულ მხარეს ის 2021 წლის 17 ივნისს გადმოსცეს. ადამიანური ფაქტორი - ბებიასა და პაპასთან ურთიერთობის სურვილი ისაა, რაც 23 წლის ახალგაზრდას ჯერ კიდევ უნარჩუნებს ოკუპაციასთან წინააღმდეგობის სურვილს.

ლაშა ხეთერელი, უკვე მეექვსედ, ცხინვალის ციხის ტყვეა. მასთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფებიან ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოჩიაშვილი, კახა ნათაძე, ვალერი კანიაშვილი და მამუკა ჩხიკვაძე.