რას შეცვლის ამბოხი ცხინვალში?

ცხინვალი, საცხრამაისო აღლუმი

შეცვლის თუ არა სამოქალაქო ამბოხი ცხინვალში პოლიტიკურად რაიმეს? ეს კითხვა არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა არა როგორც შეკითხვა, არამედ როგორც ორჭოფული იმედი. ორჭოფული იმის გამო, რომ ყველას ესმის - პოლიტიკური ცვლილება ოკუპირებულ ანკლავში, მისი „მეპატრონის“ გემოვნების ცვლილების გარეშე, შეუძლებელია.

თუმცა, გარკვეული ტიპის ამბოხი მაინც ვნახეთ. სახელისუფლებო მედია (ცხინვალში სხვაგვარი მედია არც არსებობს) იუწყებოდა, რომ ქუჩაში 100 ადამიანი იდგა. ისინი ერთის მხრივ, აპროტესტებდნენ ძალადობას, მეორეს მხრივ კი, დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ. თუმცა ეს დამნაშავეობის საკითხი საკმაოდ კომპლექსური და ჯაჭვურია. ბიბილოვი თუ რუსეთზეა დამოკიდებული, ბიბილოვზე დამოკიდებულნი არიან მინისტრები და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, პროკურატურისა და სასამართლოს ჩათვლით, მინისტრებსა და მაღალჩინოსნებზე მათი ქვეშევრდომები არიან დამოკიდებულნი, ყველაზე მცირე რგოლამდე, ყველა მათგანი კი ხელფასს რუსეთისგან იღებს. ასეთ ჯაჭვში, რომლის ყველა რგოლი ერთი ჯამიდან იკვებება, რთულია ერთი დამნაშავის პოვნა. სანქციას დანაშაულზე და დაუსჯელობაზე, ერთი სხეულის ტვინიდან გაიცემა, ამავე სხეულის კიდურებს კი ეს ბრძანებები სისრულეში მოჰყავს. ამის გამო ვერ ელევა ბიბილოვი მთავარ პროკურორს, უზურმაგ ჯაგიევს, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტის 22 დეპუტატი წავიდა და გადადგომა მოითხოვა.

მოსკოვისთვის ზედმეტი თავის ტკივილია მსოფლიოს მიერ აღარიარებულ ანკლავში დროზე ადრე, ანუ არჩევნებამდე მმართველი ძალის ჩანაცვლებაზე ზრუნვა. იქ ურჩევნიათ ყველაფერი ძველებურად, კანონგარეშედ, მაგრამ მშვიდად იყოს. ეს ცხინვალშიც კარგად ესმით, ამიტომაც აქვს სრული კარტ-ბლანში ბიბილოვს. თუმცა, მან, ამავდროულად, წითელი ხაზების შესახებაც იცის. სრულიად ნათელია, რომ ზოგადი პოლიტიკური ვითარება ცხინვალის რეგიონში ისეთივე დარჩება, როგორიც რუსეთს აწყობს, ბიბილოვითაც და მის გარეშეც.

ცხინვალი, საცხრამაისო აღლუმი

ბიბილოვმა მთავრობა დაითხოვა, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლებად დარჩნენ მანამ, სანამ ახალი ადამიანები დაინიშნებიან. ამავდროულად, ბიბილოვი ვერ ელევა მის მძლავრ საყრდენს - პროკურორს. კორონავირუსის პანდემია მისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. ქუჩის ამბოხის შემდგომ, მან ვირუსისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე დისკურსი განსაკუთრებით გააძლიერა, თუმცა ამავდროულად, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს პანიკური შიში მის სახეზე იმის გამო, რაც ინალ ჯაბიევის მკვლელობას მოჰყვა.

„მთელი რესპუბლიკა მწარე ტკივილს განიცდის და უსამძიმრებს გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ოჯახსა და ახლობლებს. მათ მწუხარებას იღებს, როგორც საკუთარს. ინალის ოჯახის ტრაგედიას მე ყველაზე ღრმად ვიზიარებ. გამოუსწორებელი რამ მოხდა. არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა და სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამშრომლის შეცდომამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. მისი გარდაცვალების ყველა დეტალის გამოძიება მიმდინარეობს პირადად ჩემი კონტროლის ქვეშ. შსს-ის 8 თანამშრომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. მე გავაკონტროლებ, რომ არც ერთ დამნაშავეს არ ასცდეს პასუხისმგებლობა“, - ასეთი გახლდათ ბიბილოვის სიტყვა.

მეორე და ასევე საგულისხმო კითხვა, ბიბილოვის პოტენციურ დუბლიორს ეხება. არსებობს პოლიტიკური ლიდერი ცხინვალში? თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან ამბობს, რომ პოლიტიკური ლიდერი, როგორც გამოკვეთილი ფიგურა და ბიბილოვის ალტერნატივა, არ ჩანს. ის ასახლებს ყოფილ სახალხო დამცველსა და ამჟამინდელ დეპუტატს, დავით სანაკოევსა და პარტია „ნიხასის“ ხელმძღვანელს ალან გაგლოევს, თუმცა მათ მხარდამჭერების მყარი წრე ნაკლებად ჰყავთ.

ცხინვალი. საცხრამაისო აღლუმი

ცხინვალში მიმდინარე გამოსვლების პარალელურად გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტი ეუარდ კოკოითიც. მან მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს, რა დროსაც ის მხარდაჭერას უცხადებდა ბიბილოვს. მან ულტიმატუმიც კი გააჟღერა და ბიბილოვს გადადგომა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში 31 აგვისტოს, დღის 12 საათზე ის ცხინვალში იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ მართულ ტერიტორიაზე არც მისი თავისუფალი გადაადგილებაა შესაძლებელი. კოკოითი დღეს ცხინვალში არავის უნახავს.

29 აგვისტოს ღამის შემდგომ, ცხინვალში, თეატრის მოედნზე საპროტესტო მიტინგები შეწყდა. დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ტელევიზიით გამოვიდა და ინალ ჯაბიევის ოჯახს მიუსამძიმრა. 31 აგვისტოს კი მილიციელების მიერ ცემით მოკლული ეჭვმიტანილის დატირებაში მონაწილეობას უკვე მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი იღებს. მისი დაკრძალვა ცხინვალში მასობრივ ღონისძიებად იქცა, რომლის საინფორმაციო მხარდაჭერა სახელისუფლებო მედიამ იტვირთა.

სამი შვილის მამა, ინალ ჯაბიევი, ცხინვალში დე-ფაქტო შსს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ის წამების შედეგად შემოაკვდათ. თუმცა ის ცხინვალში ერთადერთი ნაწამები პატიმარი არაა. ჯაბიევის სიკვდილმა სხვა დაკავებულები ანალოგიურ შედეგს გადაარჩინა. მათი ნაწამები ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა.

ანატოლი ბიბილოვი, დე-ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტი

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. დაკავებულთა ოჯახის წევრებს ინფორმაცია მათი ჯანრთელობის მდგომარეობის თაობაზე არ აქვთ. ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული სრული განუკითხაობის პირობებში ქართველ ტყვეთა მდგომარეობის თაობაზე ოჯახები განსაკუთრებით ღელავენ. ერთადერთი ორგანიზაცია, ვისაც დაკავებულებთან შეხვედრა შეუძლია, საერთაშორისო წითელი ჯვარია, თუმცა ბიბილოვის რეჟიმი პატიმრების მონახულების უფლებას არც მათ აძლევს.

შეიძლება თუ არა ცხინვალში ხალხის ამბოხსა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეძახილებს ცვლილება მოჰყვეს? თამარი მიიჩნევს, რომ ცხინვალში რამდენიმე დღიანი ამბოხი ვერაფერს შეცვლის. „მე მეეჭვება, რომ ის, თუნდაც გენერალურ პროკურორს შეელიოს, ფიგურას, რომელის სახელსაც არაერთი გამოუძიებელი, ან ხელისუფლების სასარგებლოდ „გამოძიებული“ საქმე უკავშირდება. ბიბილოვი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, თავისი სამართლით და არსებობენ სხვა დანარჩენები, რომლებზეც არ ვრცელდება არც კანონის უზენაესობა, არც სამართლიანი სასამართლო,“- ამბობს თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი აქტივისტი, რომელსაც დე-ფაქტო რეჟიმი გადაადგილების უფლებას სამი წელია უზღუდავს.