ტრამპის ვეტოს დაძლევას დემოკრატები ახლა სენატშიც შეეცდებიან

ნენსი პელოსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კონგრესში კენჭისყრაზე მიდის.

შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატები დღეს სენატშიც შეეცდებიან გაიტანონ გაცილებით ხელგაშლილი დახმარების პაკეტი, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიით მიყენებული ზარალის გამო, ამერიკელთა დახმარებას ითვალისწინებს. წინა კვირაში, პრეზიდენტმა ტრამპმა 600 დოლარის ოდენობის ერთჯერადი ინდივიდუალური დახმარების, 2 000 დოლარამდე გაზრდა მოითხოვა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ მაშინვე განაცხადა, რომ ეს ისედაც იყო მათი პირველადი გეგმა. წინადადება ორშაბათს, დემოკრატთა უმრავლესობით მართულ წარმომადგენელთა პალატაში, ხმების დიდი უმრავლესობით, 275 - 134-ზე, დამტკიცდა.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა

ახლა დემოკრატები დახმარების გაზრდილი პაკეტის კენჭისყრაზე დაყენებას, შეერთებული შტატების სენატში გეგმავენ. თუმცა, სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. სენატის უმრავლესობის ლიდერს მიტჩ მაკკონელს საჯაროდ არ მიუნიშნებია, აპირებს თუ არა დემოკრატების შეთავაზების კენჭისყრაზე გატანას.

სენატის დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი გეგმავს ისეთ პროცედურულ სვლას მიმართოს, რომელსაც რესპუბლიკელები გზას ვერ გადაუღობავენ. "2 000 დოლარის ოდენობის დახმარებას ქვეყნის ყველა კუთხიდან ფართო მხარდაჭერა აქვს... ლიდერი მაკკონელი მოვალეა სენატის რესპუბლიკელებს არ მისცეს უფლება შეაფერხონ დახმარება, რომელიც დახმარების მომთხოვნი ამერიკელი მუშაკებისთვის და ოჯახებისთვისაა გათვალისწინებული" - აცხადებს სენატორი შუმერი.

მარცხნიდან მარჯვნივ: მიტჩ მაკკონელი, ჩაკ შუმერი და ნენსი პელოსი

რესპუბლიკელები გაზრდილი დახმარების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კევინ ბრეიდიმ თქვა, რომ კანონპროექტი ასეთი სახით, ხელს არ შეუწყობს უმუშევარი ადამიანების სამსახურებში დაბრუნებას. დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი კი ორშაბათს დაიმუქრა, რომ თუ რესპუბლიკელები 2 000 დოლარის ოდენობის დახმარებას ხმას არ მისცემენ, დემოკრატები დაბლოკავენ თავდაცვის დაფინანსების კანონპროექტს, რომლის დამტკიცებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჩქაროა.

პრეზიდენტი ტრამპი ახლა დემოკრატების მხარეს აღმოჩნდა. მან ორშაბათს "ტვიტერზე" ციტატა ბერნი სანდერსის გეგმიდან მოიყვანა. "მიეცით ხალხს $2 000, და არა $600" - დაწერა ტრამპმა, "ისინი საკმარისად დაიტანჯნენ".

პრეზიდენტი თავიდან ძლიერ შეეწინააღმდეგა დახმარების პაკეტს და მას ვეტო დაადო. ტრამპის მთავარი პრეტენზია სწორედ ერთჯერადი დახმარების 2 000-მდე გაზრდისკენ იყო მიმართული. თუმცა, კვირას მან კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა. ამის შემდეგ, ორშაბათს, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

დღეს მოელიან, რომ კენჭისყრა სენატში გადაინაცვლებს და პრეზიდენტის ვეტოს იქაც დაძლევენ. ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც გააკრიტიკა. დასაბუთების გარეშე, ის ამბობდა, რომ ასეთი ბიუჯეტი ჩინეთს აწყობს. პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა კანონპროექტიდან იმ წინადადების ამოღება, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის კონფედერატი ლიდერების სახელების გადარქმევას ითვალისწინებს.