დემოკრატი კანონმდებლები პრეზიდენტ ტრამპის გეგმას კორონავირუსის შეკავებისა და 2,5 მილიარდი დოლარის მობილიზების თაობაზე კრიტიკით შეხვდნენ.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ვირუსი "კონტროლის ქვეშ" აქვს. თუმცა მისი ადმინისტრაცია კანონმდებლებისგან კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების მიმართულების დირექტორი ნენსი მესონიერი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შეკავების, შეფერხების ძალისხმევა ამ ეტაპზე დიდწილად წარმატებული შეიძლება იყოს. თუმცა, მისივე თქმით, ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე ქვეყნებში, როდესაც ადამიანებმა არ იციან, როდის ან როგორ დაინფიცირდნენ. ასეთ შემთხვევებში კი ვირუსის შეკავება ამერიკის საზღვრებთან უფრო და უფრო რთული გახდება. მისი თქმით, კითხვაა არა ის, მოხდება თუ არა ვირუსის გავრცელება ამერიკაში, არამედ როდის მოხდება და რამდენი ადამიანი დაავადდება.
სენატორმა როი ბლანტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ კრიზისთან დასაპირისპირებლად ყველაფერი გაკეთდეს. სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი კი ამბობს, რომ ადმინისტრაცია პირიქით, არ არის ორგანიზებული, პრეზიდენტი კი მცდარ განცხადებებს აკეთებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მზაობის შესახებ. დემოკრატი კანონმდებლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის სტრატეგია არაა სიტუაციის შესაბამისი.
ადმინისტრაციის საგანგებო დაფინანსების მოთხოვნა კონგრესს ორშაბათს გაეგზავნა. მასში 1.25 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფა და 1.25 მილიარდი დოლარის სხვა ფედერალური პროგრამებიდან გადმოტანა მოიაზრება. ადმინისტრაცია ასევე ითხოვს იმ 535 მილიონი დოლარის დაფინანსების კორონავირუსისკენ მიმართვას, რომელიც ამ დრომდე ებოლას წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი.