ამერიკის კონგრესის დემოკრატი წევრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არეულობისა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ისინი კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტის საჭიროებაზეც საუბრობენ.
მის მიმართ მზარდი კრიტიკისა და გადაყენების არაერთი მოთხოვნის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ძალადობას გმობს და ძალაუფლების ორგანიზებული, უმტკივნეულო გადაცემის პირობას დებს.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმში ასეთი მასშტაბური ძალადობა 200 წელზე მეტია არ ყოფილა
კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმის დღეს დონალდ ტრამპს მათი ქმედებები არ გაუკრიტიკებია, მალევე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ ესმის მათი ტკივილი, უყვარს ისინი, მაგრამ დროა "შინ მშვიდობით წავიდნენ". დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამის შესახებ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და ტრამპის კაბინეტის წევრებს კონსტიტუციის 25-ე ჩასწორების გამოყენებისკენაც მოუწოდებენ. ამ ჩასწორების თანახმად ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის წევრებს შეუძლიათ პრეზიდენტს უფლებამოსილება ჩამოართვან თუკი ამას აუცილებლად მიიჩნევენ.
პელოსი და შუმერი, ისევე, როგორც სხვა დემოკრატი ლიდერები იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას ითხოვენ, თუკი მაიკ პენსი და კაბინეტის წევრები დონალდ ტრამპს პრეზიდენტის მოვალეობებისთვის და პოზიციისთვის შეუსაბამოდ არ მიიჩნევენ და უფლებამოსილებას არ შეუჩერებენ. ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთი - პოლიციის ოფიცერი. 4 დემონსტრანტიდან ერთი კი პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა.