კელი დეგნანი თბილისში ჩავიდა

ამერიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, დღეს თბილისში ჩაფრინდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა: "ამერიკის საელჩო მოხარულია გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას," ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ გამოაქვეყნა.

კელი დეგნანი 26-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის 8 ქვეყანაში 12 სხვადასხვა მისიით იყო მივლენილი. საქართველოში ელჩად წარდგენის დროს, ის იკავებდა ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის როლს. მას გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის. თურქეთსა და ნატოში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგიონსაც კარგად იცნობს.

დეგნანი თანამდებობაზე პრეზიდენტმა ტრამპმა სექტემბერში წარადგინა, ნოემბერში კი მის კანდიდატურას მხარი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა.