ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 2019 საბიუჯეტო წლისთვის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. აქტი საქართველოს თავდაცვით დახმარებასაც ითვალისწინებს და ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების კუთხით მტკიცე დახმარებას გაუწევს.
„ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-ის პოლიტიკაა ევროპაში ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების თავდაცვის გაძლიერება. ეს გრძელვადიანი სტრატეგია ამერიკის ეროვნული ძალის ყველა ელემენტს მოიცავს იმისთვის, რომ შეკავებულ იქნას და თუ საჭირო გახდა, დამარცხებულ იქნას რუსული აგრესია“, - ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.
საქართველოს შესახებ თავდაცვის აქტი შემდეგ ნაწილებს მოიცავს:
ა) „გაეწიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძლიერი დახმარება საქართველოს, მათ შორის თავდაცვითი ლეტალური დახმარებით, საქართველოს თავდაცვის და მზაობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ნატოს ძალებთან თანხვედრის გაუმჯობესებით მიზნით".
ბ) „შეიქმნას და განხორციელდეს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების თანამშრომლობის სტრატეგია ევროპაში მოკავშირეების და პარტნიორების, მათ შორის ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის, მხარდაჭერის რაციონალიზაციის და პრიორიტეტიზაციის მიზნით".
გ) „დადასტურდეს მხარდაჭრა ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი, რაც საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას მოიცავს“
დ) „ხელი შეეწყოს ნატოს მოკავშირეების მხრიდან საჭირო რესურსების გამოყოფას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის, და სტიმული მიეცეს ნატოს მოკავშირეებს რათა, ნატო-საქართველოს ერთიანი წვრთნის და შეფასების ცენტრი სრულად იქნას გამოყენებული“.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველომ ამერიკისგან მიიღო თანხმობა, რომ შეიძინოს ამერიკული წარმოების სარაკეტო სისტემა „სტინგერი“. გასულ წელს საქართველომ ამერიკისგან ჯავშან საწინააღმდეგო ჯაველინების სისტემა მიიღო.