ჩაკ ჰეგელის კანდიდატურა

თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილ ჰეგელს სენატში მწვავე დებატები ელის

Your browser doesn’t support HTML5

ვაშინგტონი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, ჩაკ ჰეგელს პენტაგონის ბიუჯეტის შეკვეცის და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხების მოგვარება ელის. როგორ აფასებენ ექსპერტები სამხედრო უწყების შეფის პოსტზე პრეზიდენტ ობამას კანდიდატის პერსპექტივებს? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლუის რამირესი არკვევდა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკ ჰეგელისთვის არც სამხედრო ბიუჯეტის შეკვეცა და არც ავღანეთიდან ჯარების გაყვანა მტკივნეულად გადასაჭრელი საკითხები არ იქნება. ის მუდამ წინააღმდეგი იყო ავღანეთში, მისივე თქმით, „გაურკვეველი მიზნებისთვის სისხლის გაღების“ და პენტაგონის ფინანსების შემცირებასაც უჭერდა მხარს.

ჰეგელი ვიეტნამის ომის ვეტერანია და მკერდის არეში ჭურვის ნამსხვრევს დღემდე ატარებს.

„მე მადლიერი ვარ იმ შანსისთვის, რომელიც დამეხმარება გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე ზრუნვა, გავაძლიერო ჩვენი ალიანსები, და ხელი შევუწყო გლობალური თავისუფლების და წესიერების დამყარებას მსოფლიოში,“ - განაცხადა ჰეგელმა.

ჰეგელი რესპუბლიკური პარტიის წევრია და ის პირდაპირი და დამოუკიდებელი პოზიციით არის ცნობილი. როგორც ანალიტიკოსი მაიკლ ოჰანლონი ამბობს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხში ბევრი დეტალია, რაზეც ჰეგელს პრეზიდენტ ობამაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
„სენატორ ჰეგელს ავღანეთის მისიის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ქონდა და გასათვალისწინებელი იქნება მისი პოზიცია ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ჯარების გაყვანის ოდნავ დაჩქარებასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ოჰანლონი.

ავღანეთში ათწლიანი სამხედრო კამპანიის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი რაიონია, სადაც ვითარებას ამბოხებულები აკონტროლებენ. ფრედერიკ კემპი ატლანტიკურ საბჭოში ჰეგელთან ერთად მუშაობდა.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ჰეგელს ავღანეთთან დაკავშირებით საკმაოდ პირდაპირი შეკითხვები აქვს. მაგალითად, რა მიზნებით უნდა მოვილაპარაკოთ ავღანელებთან? რა არის რეგიონალური საკითხი და რა უნდა იყოს ის მიზანი, რის შემდეგაც ჩვენ დავტოვებთ ავღანეთს,“ - ამბობს კემპი.

ჰეგელს სენატში ბევრი ადანაშაულებს ისრაელის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში და ასევე ირანის საკითხში არასაკმარის სიმკაცრეში. ამდენად, ჰეგელის დამტკიცებას სენატში საკმაოდ მძაფრი დებატები მოყვება.
განსხვავებული ვითარებაა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის პოსტზე წარდგენილი ჯონ ბრენანის შემთხვევაში, რომელიც მეამბოხეთა წინააღმდეგ უპილოტი საფრენი აპარატების გამოყენების გეგმის არქიტექტორია.

„როდესაც შენს მოკვლას ცდილობენ, არ შეიძლება ასეთ დროს პოპულარობის მოპოვებაზე ზრუნავდე. ბრენანი ცდილობდა ალ-ყაიდას ძლიერი ლიდერები მანამდე გაენეიტრალებინა, ვიდრე ისინი ჩვენ დაგვაზიანებდნენ. ვფიქრობ, პრეზიდენტი და ამერიკელთა უმრავლესობა ამას აფასებს. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ მის დამტკიცებას წინააღმდეგობა შეხვდება,“ - ამბობს მაიკლ ოჰანლონი.

პრეზიდენტი ობამა მოქნილი და მობილური შეიარაღებული ძალების შექმნას ემხრობა, რომელიც შემცირებული ბიუჯეტით იმოქმედებს და დაეფუძნება უპილოტო საფრენი აპარატების იგივე დრონების და სხვა სპეციალური ოპერაციების გამოყენებას.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ უნდა დაადასტუროს, რომ მათი მიდგომა უსაფრთხო ამერიკის შესახებ გამართლებულ კონცეფციას წარმოადგენს.