ცენზურის მსხვერპლი "სტალინის სიკვდილი"

„კომედია, რომელიც შეეძლო ჰიტლერს გადაეღო“, ასეთი სახელწოდების სტატიას რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო საკუთარ ვებ–გვერდზე ათავსებს გაზეთიდან „კომსომოლსკაია პრავდა“. გამოხმაურება ეხება მხატვრულ ფილმს, რომლის ჩვენებაც რუსეთში აკრძალეს. „შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე ამაზრზენი ფულმი უახლეს ისტორიაში, რაც საბჭოთა კავშირის შესახებ გადაღებულა“, ვკითხულობთ სტატიის წინასიტყვაობაში. ასეთი შეფასება აქვს სატირას სახელწოდებით „სტალინის სიკვდილი“.

სანამ ფილმი რუსეთის ფედერაციაში ეკანებზე გამოვა მას სახელმწიფო ამოწმებს. ასეთი, ერთგვარი ცენზურის უზრუნველმყოფი სპეციალური სამსახური კულტურის სამინისტროში არსებობს. ბრიტანელი რეჟისორის ფილმი „სტალინის სიკვდილი“ დახურულ შეხვედრაზე წარადგინეს ოფიციოზისთვის, დუმის დეპუტატებისთვის და კულტურის სამინისტროსთან დაახლოებული პირებისთვისანვარს 18 და 22 იანვარს.

„კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტიორი, რომლის სტატიასაც რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ვებ–გვერდზე დაიდო, ამბობს, რომ მართალია, ჩვენებაზე ჟურნალისტებისთვის შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ მან ეს არაჟურნალისტური სტატუსით მაინც მოახერხა და ფილმის ნახვის შემდგომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

„ჩანს, რომ ეს ფილმი გადაიღეს მხოლოდ ჩვენთვის, რუსებისთვის, რადგან დასავლეთში მისით არავინ დაინტერესდება“, წერს ის და დასძენს, რომ ეს რუსეთს გაუკეთეს ყოფილმა მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომში. „ასეთი სურათის გადაღების უფლებას თავს ევროპელი კინემატოგრაფისტები ცივი ომის პერიოდშიც კი არ აძლევდნენ“, ნათქვამია სტატიაში.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას დავით ვაშაძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ამბობს: „ჩვენთან არ არსებობს ცენზურა, როგორც ესაა რუსეთში ან უკრაინაში. იქ, ყველა ფილმს, იმისთვის, რომ მოხვდეს დისტრიბუციაში, სპეციალური სააგენტოდან სჭირდება უფლება. ჩვენთან ერთი კერძო კომპანიაა, რომელიც ფლობს კინოთეატრებს, თვითონვეა დისტრიბუტორი და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული,რა ფილმი ჩამოვა. არც კომუნიკაციების მარეგულირებელი არ ნახულობს წინასწარ ფილმს და არ გასცემს რაიმე სერთიფიკატს და არც რაიმე ამდაგვარი. მსხვილი დისტრიბუტორები ბევრ ფილმს ჰყიდდნენ ერთიანად, პაკეტურად, რეგიონზე, პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე," ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, "2008 თუ 2009–ში ჩვენები პირდაპირ გავიდნენ კონტაქტზე ამ დისტრიბუტორებთან და სხვადასხვა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ითხოვდნენ ფილმების პირდაპირ შესყიდვას. დღეს–დღეობით საკმაოდ ქაოსური ვითარებაა. ზოგი ფილმი პირდაპირ ინგლისურად შემოდის და ქართულად აქ ახმოვანებენ, მაგრამ მაინც გვაქვს ისეთი პროდუქცია, რაც რუსულადაა გახმოვანებული. ცხადია, ის რუსული დისტრიბუციიდანაა შემოსული. მაგრამ რუსეთში თუ რაიმე აიკრძალა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქაც აიკრძალება იმავე დისტრიბუციიდან შემოსული ფილმი.“

"ამერიკის ხმასთან" საუბარში კინომიმომხილველი ია ვეკუა ამბობს: „ძალიან სასაცილოა, როდესაც რომელიმე სახელმწიფო ხელოვნების ნიმუშს ბლოკავს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფილმია, სპექტაკლია, წიგნია თუ სხვა რამ. ასეთი სახელმწიფო, ჩემი აზრით, საცოდავია და ჩამოუყალიბებელი ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ უფრო სასაცილოა, როდესაც ქვეყანა ბლოკავს ფილმს, რომელიც სტალინის შესახებ სასაცილო ისტორიას გვიყვება. რეალურად, ეს ფილმი არც არის სტალინზე. ის სტალინის სიკვდილით იწყება და შემდეგი მოვლენები ტრიალებს იმ ამბის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო პოლიტბიუროში: როგორ მიდის თანამდებობების გადანაწილება, საკუთარ უფლებებს როგორ წამოაყენებენ გენერლები, აქვეა ბერიაც და სხვა. ამ პერიპეტიებს აღწერს ეს ფილმი. რატომ დაბლოკეს ის რუსეთში, ამის მიხვედრა ძალიან მარტივია. იქ სტალინი ჯერ კიდევ საკრალური ფიგურაა, გარკვეულწილად, გაღმერთებული ჰყავთ, ჰგონიათ, ჯერ კიდევ მის ეპოქაში ცხოვრობენ ან ოდესმე დაბრუნდება ეს ეპოქა და არ სურთ რაიმე ნეგატიური შემოიტანონ მოსახლეობაში, მაყურებელში, ამ შემთხვევაში, ამ ფილმის სახით. ალბათ, ესაა დაბლოკვის მიზეზი.“

აკრძალვის მიუხედავად, რუსულ კინოთეატრში ფილმი მაინც მოხვდა. 25 იანვარს, დაგეგმილ დროს ის „პიონერმა“ აჩვენა. როგორც BBC –ს რუსულენოვანი ბიურო იტყობინება, საბჭოთა პერიოდში მაცხოვრებ ადამიანებს ფილმის ჩვენების შემდგომ თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნიათ. ზოგიერთმა მაყურებელმა კი მისვლა სწორედ იმის გამო გადაწყვიტა კინოთეატრში, რომ სურათი სამინისტრომ აკრძალა. „რაკი აკრძალეს, მივხვდი, რომ აუცილებლად სანახავი იყო“, განაცხადა ერთ–ერთმა. როგორ აჩვენა უნებართვოდ ფილმი „პიონერმა“, ამის გამო საქმე ადმინისტრაციული წესით აღიძრა. ინფორმაციას სანქციების თაობაზე, როგორც ჩანს, მომავალში შევიტყობთ.

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულ ეკრანებზე ფილმის დაბლოკვის გადაწყვეტილება მათ ექსპერტების რჩევის შემდგომ მიიღეს. კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, სადაც მათ უარყოფითად შეაფასეს ფილმის ფართო ეკრანებზე ჩვენების შესაძლებლობა. წერილზე ხელმომწერებს შორის არიან რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მსახიობი და დუმის დეპუტატი ელენა დრაპენკო, რომელიც მარშალ ჟუკოვის ქალიშვილია და სხვები. კომენტარი ფილმის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. მან თქვა, რომ კრემლში არ მიიჩნევენ ცენზურად, თუ ფილმს გაქირავებისთვის საჭირო ნებართვა ჩამოერთვა.

„სტალინის სიკვდილის“ პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე გასული წლის სექტემბერში გაიმართა, მსოფლიო პრემიერა კი 20 ოქტომბერს შედგა. რუსეთის ფედერაციაში მისი ჩვენება 25 იანვარს იყო დაგეგმილი. რატომ არ მოხვდა ქართულ კინოთეატრებში „სტალინის სიკვდილი“ ოქტომბრიდან დღემდე, ამის ახსნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება. პირველი ის გახლვათ, რომ ქართული კინოგაქირავება, გარკვეულწილად, მიბმულია რუსულ კინოგაქირავებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმების ყიდვა და დუბლირება არც თუ უმნიშვნელო ფინანსურ ხარჯს გულისხმობს, ქართული ბაზარი თავს უფლებას ვერ აძლევს ფილმის ჩვენების უფლება რუსული ტრანზიტისგან გვერდის ავლით იყიდოს.

ირინა კილოსანიძე თბილისის კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ჩვენ ფილმები ჩამოგვაქვს ლონდონიდან, სტამბულიდან, უკრაინიდან და მათ შორის, რუსეთიდან. მარტო რუსეთზე არ ვართ მიბმულები. „სტალინის სიკვდილი“ გამოდის ჩვენთან, კომედურ ჟანრში, სტანდარტულად, როგორც ბრიტანულ–ფრანგული პროდუქცია. ჩვენ გვქონდა რელიზი დაგეგმილი მანამ, სანამ რუსეთში ატყდებოდა ეს ამბავი. იქ რთულადაა საქმე, დაიბლოკა ფილმი. ჩვენთან არაა ისეთი სიტუაცია, როგორიც რუსეთში. ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით და ის არ შეგვიცვლია.“

ფაქტია, რომ რუსული და ქართული ჩვენებები ერთმანეთის მიყოლებით იყო ჩანიშნული. რუსეთში ეს არ შედგა, თუ „პიონერის“ შემთხვევას არ გავითვალისწინებთ, საქართველოში კი ამ პროცესს ხელს არაფერი შეუშლის. „სტალინის სიკვდილის“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში ხუთშაბათსაა დაგეგმილი.