ინდონეზიის კუნძულზე მიწისძვრამ 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა

ინდონეზიაში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძიმედაა დაშავებული. სპეციალურმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს სამუშაოები იმისთვის, რომ საკურორტო კუნძულზე მყოფი 1000-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია მოახდინონ.

ამეირკის გეოლოგიური კვლევების სამსახურის ცნობით, კვირას მომხდარი მიწისძვრა რიხტერის შკალით 6.9 ბალის სიმძლავრის იყო. მისი ეპიცენტრი ლომბოკიდან 10.5 კმ-ის სიღრმეში, ლომბოკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა.

მცირე ხნით იყო ცუნამის წარმოქმნის საშიშროება. მიწისძვრა რამდენიმე სხვადასხვა კუძულზეც იგრძნობოდა. თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა მაინც კუნძულ ლომბოკზე იმყოფებოდა. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ შორის ტურისტები არ არიან.

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა იყო გასულ კვირასაც, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.