ლონდონში ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ხანძარი ლონდონში

ლონდონის დასავლეთ უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი ღამის პირველი საათისთვის გაჩნდა. დედაქალაქის პოლიციის უფროსი მხოლოდ 12 ადამიანის სიკვდილს ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაზარალებულთა ძებნა და გადარჩენის მცდელობა ახლაც გრძელდება.

“გრენფელ ტაუერი“ ეთნიკურად მრავალფეროვანი, მჭიდროდ დასახლებული უბანია ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ, კენსინგტონის ზონაში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შენობაში დაახლოებით 140 ბინა იყო და სახლში ხანძრის დროისთვის დაახლოებით 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ვინც დღეს დილით დაკარგულად გამოაცხადეს, არიან ბავშვებიც.

ქალაქში, რომელსაც ისტორიულად ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი კითხვა გაჩნდა იმის შესახებ, თუ როგორ გავრცელდა ხანძარი ასე სწრაფად და რამდენად ეფექტურად მუშაობდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და შესაბამისი სამსახურები.

ოფიციალური ცნობებით, საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, კვამლით ინტოქსიკაციის დიაგნოზით, გადაყვანილია 50-ზე მეტი ადამიანი.

გამომძიებლები ამბობენ, რომ მიზეზებზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. თუმცა შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა ლონდონის მერმაც, სადიქ ხანის განცხადებით,

„ბევრ ადამიანს აქვს ლეგიტიმური კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“ - უთხრა მან ჟურნალისტებს.