1 დაღუპული, 10 დაშავებული - რუსეთმა ოდესაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის ქალაქ ოდესაზე, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, ერთი დაიღუპა და დაშავდა 10 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის მიერ 15 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, გათბობის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებიც მუშაობას გენერატორების დახმარებით აგრძელებენ.

ოდესის მოსახლეობის დახმარებას ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, დაწყებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის აღდენის პროცესი. პარალელურად კი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ცხელი სასმელი და საბნები დაურიგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, საჰაერო იერიშები გვიან ღამით განხორციელდა, რომლის დროსაც ბევრ ადამიანს ეძინა. დაღუპულ 35 წლის ქალს საკუთარ სახლში ფანჯარასთან ახლოს ეძინა, აფეთქების შედეგად მან უმძიმესი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ბოლო პერიოდში გააძლიერა იერიშები უკრაინის სამხრეთით. გასული წლების მსგავსად, იბომბება საცხოვრებელი უბნები, ენერგეტიკული ობიექტები და ასევე საპორტო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ოდესის პორტში რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანებულია როგორც პორტის ინფრასტრუქტურა, ისე სამოქალაქო გემები.

უკრაინის ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან კვლავ ითხოვს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვით სისტემას, რათა რუსეთის აგრესიისგან კრიტიკული მნიშვნელობის, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტების დაცვა მოხდეს.

უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთი განზრახ ბომბავს ენერგოობიექტებს, რათა უკრაინელებმა ვერ შეძლონ მკაცრი ზამთრის პირობებში ადგილზე დარჩენა. გასულ წელს მილიონობით უკრაინელი იყო გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე, რომლებიც მკაცრ ზამთარს საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ.