გასულ კვირაში „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ხუთშაბათს ისრაელმა ლიბანზე პირველი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ისრაელი აცხადებს, რომ მისი სამიზნე იყო შეიარაღებული ჯგუფის აქტიურობა სამხრეთ ლიბანში მდებარე რაკეტების საცავში, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.
ლიბანის ხელისუფლება იუწყებოდა ისრაელის მხრიდან ნაღმმტყორცნებით ცალკეული თავდასხმების ინციდენტებზე და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ადამიანი, რომელიც ლიბანში დაბრუნებას ცდილობდა.
ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაჭრილები სამოქალაქო პირები არიან. ისრაელის სამხედრო უწყებამ კი ისინი აღწერა როგორც ეჭვმიტანილები, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმების პირობები, რომელმაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი შეწყვიტა.
ასევე ნახეთ: ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენძალადობის შემთხვევები, რომელსაც სერიოზული მსხვერპლი არ მოჰყოლია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რთულ ბუნებას ასახავს, თუმცა ხუთშაბათისთვის ეს რეჟიმი მაინც მოქმედებდა, როდესაც ლიბანის ჯარმა სამხრეთ ლიბანის ნაწილებში, აღმოსავლეთ ბექაას დაბლობში და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში განლაგება დაიწყო, ადგილებში, სადაც „ჰეზბოლას“ ოპერაციებია ბაზირებული.
ლიბანის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ დროებით საკონტროლო პუნქტებს აწყობდა და ახდენდა აუფეთქებელი საბრძოლო მასალის დეტონაციას იმის იმედით, რომ ადგილნაცვალ მოსახლეობას სახლებში დაბრუნებაში დაეხმარებოდა.
ათწლეულების განმავლობაში ლიბანში ყველაზე სისხლიანი ომის დროს, დაახლოებით 1.2 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება მოუხდა. ოთხშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ათასობით ადგილობრივმა სახლებში დაბრუნება დაიწყო, თუმცა ლიბანის და ისრაელის სამხედროებმა სასაზღვრო რაიონებიდან ადგილნაცვალ სამოქალაქო მოსახლეობას უბრძანა, მოერიდონ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ ისრაელის ჯარის პოზიციებია განლაგებული.
ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის აშშ-ისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული დროებითი ზავი ითვალისწინებს საწყის ორთვიან ცეცხლის შეწყვეტას. დროებითი ზავის დროს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მდინარე ლითანიდან ჩრდილოეთით უკან უნდა დაიხიოს და ისრაელის ძალები საზღვრის საკუთარ მხარეს უნდა დაბრუნდეს.
ბუფერული ზონის პატრულირებას გაეროს მშვიდობისმყოფელები და ლიბანის ჯარი მოახდენს, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობდა.