დასავლეთი რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შემლახავ დათმობებზე არ მიდის და მოსკოვს ამას არც სამომავლოდ ჰპირდება. ნატო და ამერიკა დიპლომატიურ გზაზე სვლას განაგრძობენ, ანალიტიკოსები კი შიშობენ, რომ კრემლმა ეს შესაძლოა სწორედ დიალოგის დასრულების საბაბად გამოიყენოს. "გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი, "დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორის მოადგილე და ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტში, დევიდ სალვო ამბობს, რომ ვითარება ახლა იმაზე არაპროგნოზირებადია ვიდრე ოდესმე. საქართველომ კი საკუთარ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ახლა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს.
- დევიდ, თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისასაც და ახლაც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების თემებზე მუშაობთ, როგორ გამოიყურება ახლა ვითარება ვაშინგტონიდან - როგორია ევროპის მიწაზე არსებული სიტუაცია ახლო და ფართო ხედით?
- ეს სურათი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. რუსული მხარე ალბათ ეძებს ნებისმიერ საბაბს იმისთვის, რომ თავისი მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესია განაგრძოს. ესაა საკითხი, რომელიც ცხადია უკვე დიდი ხანია პრობლემაა ევროპული უსაფრთხოების ლანდშაფტისთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ქართველებისა და უკრაინელებისთვის კარგადაა ნაცნობი. დასანანია, მაგრამ, მგონი ჩვენ ახალ სევდიან თავს ვიწყებთ.
- მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით პასუხებს ითხოვდა, პასუხები გაგზავნილია, კრემლი - უკმაყოფილო. ამერიკა და ნატო ამბობენ, რომ დიპლომატიას კიდევ ერთ შანსს აძლევენ, თუმცა არსებობს შეშფოთებაც, რომ მოსკოვი ამას სწორედ დიალოგზე უარის სათქმელად და იმის საჩვენებლად გამოიყენებს, რომ დიპლომატიას შედეგი არ აქვს. როგორ ხედავთ ამ პროცესს?
საქართველოს მთავრობას ნამდვილად სჭირდება, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი სტრატეგიული ორიენტაცია.
- ვფიქრობ ეს მართებულია და დიპლომატიის გაგრძელება მნიშვნელოვანია. თუკი არსებობს იმედის ნაპერწკალი მაინც, რომ რუსული მხარის შესაჩერებლად ეს გამოდგება. არ მგონია, რომ ვინმეს იმის ცრუ იმედი აქვს, რომ პასუხები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ რუსეთს მიაწოდა, შექმნის პირობებს, რომ დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნება. უკვე ითქვა, რომ ეს პასუხები არ აკმაყოფილებს რუსულ ულტიმატუმებს.
ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობთ, რომ ნატო არ შეცვლის "ღია კარის" პოლიტიკას. არ მივცემთ უფლებას ერთ ქვეყანას, უკარნახოს სხვა სახელმწიფოებს მათი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ორიენტაცია. ვერ წარმომიდგენია ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი გარანტიების მიცემა, რუსეთისგან კი ნამდვილად წარმომიდგენია აგრესიული გზის გაგრძელების წინაპირობად ამის გამოყენება.
- რამდენად მტკიცე და ერთიანი იყო და არის დასავლეთის პასუხი? ჩვენ გვესმის მხარდაჭერის გზავნილები, მაგრამ გვესმის განსხვავებული პოზიციებიც, განსაკუთრებით ევროპიდან. არის ახლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ის მაქსიმალური ერთობა, რაც შესაძლებელია, რომ იყოს?
- ვფიქრობ, არსებობს ევროპული ერთობა უკრაინაში ნებისმიერი ტიპის სამხედრო შეჭრის დაგმობის თაობაზე. მგონია, რომ გავიგონებთ ძალიან ძლიერ ხმებს ევროპაში, როგორც ინდივიდუალური მთავრობების, ისე - ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან. არსებობს ზოგადი კონსენსუსი იმაზე, რომ რუსეთს უნდა დაუწესდეს მეტი სანქცია, თუკი ის კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში და ეს მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ ეს რუსეთს შეაკავებს. თუმცა ვფიქრობ, ეს სულ მცირე, იმის ნიშანი მაინც იქნება, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონებისა და ნორმების ასეთ უხეშ დარღვევებს მოჰყვება საფასური.
Your browser doesn’t support HTML5
სადაც შედარებით ნაკლები ერთობა შეიძლება იყოს, ეს ალბათ ამ სანქციების მასშტაბებია. მაგალითად, განსხვავებული შეხედულებებია იმაზე, უნდა გაგრძელდეს თუ არა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-9ს“ პროექტი, ან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს თუ არა სანქციების სამიზნე, იმის გამო, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.
ამ კუთხით საუბრები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ვიმედოვნებ, კონკრეტული ქმედებებითაც რუსეთისთვის სამხედრო ნაბიჯებისთვის საფასურის დაწესების თაობაზე იქნება ძალიან ხმამაღალი და ერთხმოვანი განცხადებები.
- არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთი არ უნდა დაელოდოს რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრას იმისთვის, რომ ამ მუქარასა და აგრესიაზე საპასუხო მექანიზმები აამოქმედოს, რომ შემდეგ შესაძლოა უკვე გვიან იყოს. გასულ კვირებში გამართული მოლაპარაკებების ამ სერიების და ახლა უკვე წერილობითი პასუხების შემდეგ, შეიძლება კიდევ ამ ეტაპზე რამის გაკეთება შეჭრის პრევენციისა და რუსეთის შეკავებისთვის?
მიზანი ახლაც ისაა, რომ უკრაინას ერთხელ და სამუდამოდ ჩაუხშონ ევროპული ტრაექტორია. ეს იყო მიზანი 2014-შიც, ისევე, როგორც ეს იყო მიზანი 2008 წელს.ეს წარუმატებელი მცდელობა იყო და რუსეთმა ამ კუთხით მიზანს ვერ მიაღწია.
- სამწუხაროა, მაგრამ თუკი რუსეთს სურს უკრაინაში შეჭრა, ის ამას გააკეთებს. ალბათ ახლა ძალიან ცოტა რამის გაკეთებაღა შეგვიძლია ამის თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ, რუსეთი სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს: თუკი ის სხვა ქვეყანაში იმისთვის იჭრება, რომ ამერიკა და ევროპელი მოკავშირეები მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრიბოს და მათ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას გადახედონ, ეს ამის მიღწევის სრულებით არასწორი გზაა. თუკი რუსეთი სამხედრო ნაბიჯებს გადადგამს, ატლანტიკის ორივე მხარეს ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე დიპლომატიური მოლაპარაკებების სურვილი ძალიან შემცირდება და შეიზღუდება.
- უკიდურესად ოპტიმისტურიდან უკიდურესად პესიმისტურ შეფასებებამდე - გვესმის მოვლენათა განვითარების სრულიად განსხვავებული სცენარების შესახებ. გვაქვს კონკრეტული ნიშნები იმისა, თუ რა ტიპის აგრესიას შეიძლება ველოდოთ უკრაინაში?
- ნებისმიერი პროგნოზირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამჯერად, ყველანაირი ვარიანტი დასაშვებია. ვფიქრობ, რომ ნამდვილად იქნება ჰიბრიდული ოპერაციები, კიბერ-თავდასხმები, რადგან ეს ყოველთვის თან ახლავს რუსეთის სამხედრო აქტივობას. საქართველომ და უკრაინამ ეს კარგად იციან და გამოუცდიათ კიდეც ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჰიბრიდული აქტივობა მოსალოდნელია, მაგრამ ლოკალიზებულ კონფლიქტს წამოიწყებს რუსეთი დონბასში თუ სრუმასშტაბიანი ომით უფრო მეტი ტერიტორიის და დედაქალაქის ხელში ჩაგდებასაც კი ეცდება - ამის ვარაუდი ძნელია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვები გვაფრთხილებენ, რომ ამჯერად ყველა ეს ვარიანტი და მათი ალბათობა არსებობს. ყველას იმედი გვაქვს, რომ სამხედრო აქტივობა საერთოდ არ იქნება, ან თუ იქნება, ის არ გასცდება იმ მასშტაბებს, რასაც ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ვხედავდით.
- საქართველოში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რის გაკეთება შეუძლია ახლა ქვეყანას. ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში არ არის ხაზგასმული, რომ უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს რუსეთი უქმნის. მთავრობა ამბობს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ურყევია და რეზოლუციის ტექსტი დაცლილია პოპულიზმისგან. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ეტაპზე საქართველოსგან შესაბამისი და გონივრული პოზიცია? უნდა გამახვილდეს თუ არა მეტი ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მიმართ?
ასევე ნახეთ: რუსეთ-უკრაინის კრიზისი და გერმანიის პოზიცია- საქართველოს მთავრობას ნამდვილად სჭირდება, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი სტრატეგიული ორიენტაცია და ის, რომ მას არ სურს იყოს რუსეთის ვასალი სახელმწიფო; რომ მას სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის გაგრძელება; რომ ის სრულად უჭერს მხარს უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთ მწვავე სიტუაციაში, როდესაც ის განგრძობითი რუსული აგრესიის პირისპირაა. ვფიქრობ, ესაა ძალიან გონივრული პოზიცია საქართველოს მთავრობისთვის. ასევე, მისი დასავლური ორიენტაციის ნებისმიერი სახით კიდევ ერთი დადასტურება იქნება კიდევ ერთი სიგნალი მოსკოვისთვის, რომ საქართველოს არ უნდა უკარნახონ როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას. მაშინაც კი, როცა მისი ტერიტორია ოკუპირებულია. ვფიქრობ, ამის გაგება ქართველებისთვის მნიშვნელოვანია.
არ ვარ დარწმუნებული რას იგებს საქართველო ამ შემთხვევაში იმით, რომ ეს ქმედებები რუსეთს არ დაუკავშიროს.
ჩვენ, ამერიკელებს გვირჩევნია ყველაფრის, განსაკუთრებით კი ცუდი ქმედების კონკრეტულ აქტორთან დაკავშირება. ჩვენ ამას ვაკეთებთ კიბერ-თავდასხმების თაობაზეც და ღია სამხედრო შეჭრის შემთხვევაშიც. ხშირად ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მოკავშირე თავს იკავებს, რომ მავნებლური კიბერ-აქტივობა რუსეთს და რუსეთის მთავრობას დაუკავშიროს. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ყველა შანსი, როცა რომელიმე ქვეყანას შეუძლია ნათელი მოჰფინოს სხვა ქვეყნის ცუდ საქციელს, არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ ყველამ ვიცით, ვინაა უარყოფითი მოქმედი პირი აქ. არავინ სხვა, თუ არა რუსეთის ფედერაცია, რომელიც აგროვებს ჯარებს მეზობელი ქვეყნის საზღვართან პოტენციურად ახალი ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად. ვფიქრობ, თავის მოკატუნება, თითქოს ეს არ არის რუსეთი, არავისთვისაა სასიკეთო ამ კონკრეტულ მომენტში.
ასევე მნიშვნელოვანია ამის მითითება, თქმა მოსახლეობისთვისაც: ნახეთ, რუსეთი ამ ვითარებაში არ არის მეგობრული მოთამაშე, და ის არც საქართველოსთვის იქნება. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული რას იგებს საქართველო ამ შემთხვევაში იმით, რომ ეს ქმედებები რუსეთს არ დაუკავშიროს.
- კრემლი ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებს“ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც ითხოვდა. როგორ ფიქრობთ რით ჰგავს ან განსხვავდება სიტუაცია ერთმანეთისგან?
- ეს ვითარება 2008 წლის პერიოდს ნამდვილად მახსენებს. უკრაინაში ეს სამხედრო კამპანია ამჯერად ნამდვილად ძალიან ჰგავს საქართველოში 2008 წელს წარმოებულ კამპანიას და ასევე, როცა რუსული ძალები რეალურად ძალიან ახლოს იყვნენ დედაქალაქში შესვლასთან. მიზანი ახლაც ისაა, რომ უკრაინას ერთხელ და სამუდამოდ ჩაუხშონ ევროპული ტრაექტორია. ეს იყო მიზანი 2014-შიც, ისევე, როგორც ეს იყო მიზანი 2008 წელს.
ეს წარუმატებელი მცდელობა იყო. რუსეთმა ამ კუთხით მიზანს ვერ მიაღწია, რადგან საქართველოს სტრატეგიული ორიენტაცია კვლავ პროდასავლურია, არც უკრაინის დასავლური ორიენტაცია შეცვლილა 2014 წლის შემდეგ. რუსეთი ცდილობს თქვას, რომ მაშინაც კი თუკი ამ ქვეყნების ორიენტაცია და რიტორიკა პროდასავლურია, ეს შეუძლებელია, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიებზე რუსული ჯარი დგას. ისინი ცდილობენ სტრატეგიული დათმობების „წართმევას“ როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე - დასავლეთისთვის. ამას კი ვერ იღებენ და ამიტომ ცდილობენ ესკალაციას, ისეთი ცხელი, მაგრამ ე.წ. გაყინული კონფლიქტების შექმნას, რომლებიც განგრძობითია და ხელს უშლის ამ ქვეყნების არსებით ინტეგრაციას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურაში.
- რამდენად შეუძლია დასავლეთს ახლა ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყნების - უკრაინის და საქართველოს ინტეგრაციისთვის და რუსული აგრესიისგან დაცვისთვის განსხვავებული ფორმატის ან გზების მონახვა?
ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: სანამ ისეთ სანქციებს არ დავაწესებთ, რაც პუტინის ქცევას შეცვლის, საქმე შეუსრულებელია- მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ დასავლეთის პასუხისმგებლობაა, იყოს უფრო „შემოქმედებითი“ იმისთვის, რომ მონახოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი გზები. საქართველომ ბევრი გააკეთა საკუთარი მზაობის დემონსტრირებისთვის. თუკი საქართველოსთვის შეზღუდულია იმის გზები, რომ გაუმკლავდეს ოკუპაციის პრობლემას, მაშინ ახლა ჩვენზეა მოვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ჩვენამდე უფრო ახლოს მოსვლაში მიუხედავად ოკუპაციისა. ამერიკის მთავრობაში მუშაობის წლებში ხშირად მსმენია საქართველოსგან, რომ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად ბევრი გაკეთდა, მაგრამ ქვეყანა იმავე ეტაპზეა ამ კუთხით, რაზეც მანამდე იყო.
მეორე მხრივ კი უნდა დაისვას შეკითხვარა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავადასტუროთ: ესაა ჩვენთვის სასურველი გზა, ესაა ის, რასაც ვაკეთებთ ქვეყნის მოსაწესრიგებლად. დასავლეთმა პარტნიორობის განსხვავებული გზები უნდა მოძებნოს, თუმცა ამასთან, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების გზა და არ დაუშვას დემოკრატიული უკუსვლა, რადგან დასავლეთისთვის ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ოკუპაციის რეალობასთან ერთად, უფრო ახლო თანამშრომლობის პირობები არ შექმნას. ასე რომ, დემოკრატიული უკუსვლა და კანონის უზენაესობის პრინციპების უპატივცემულობა არის ის საკითხები, რომლებსაც მართებულად წამოვწევთ ხოლმე წინ იმის გამო, რომ თუკი ეს გაგრძელდება, ეს მხოლოდ მეტ სირთულეს შექმნის ამ ტიპის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
არ მჯერა, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკაზე უარს იტყვის.
- ბევრი საუბრობს ღია ან ფარული დათმობის შესაძლებლობაზე, შერეული გზავნილების ან ქვეტექსტების მნიშვნელობაზე. როგორ ფიქრობთ, არსებობს სივრცე რაიმე სახის დათმობისთვის დასავლეთის მხრიდან გარდა იმ ფართო საკითხებისა, რაც იარაღის კონტროლის თემას და წვრთნების შესახებ გამჭვირვალობას ეხება, და რასაც დასავლეთი რუსეთს ღიად სთავაზობს?
- ძალიან გასაკვირი იქნება, თუკი რუსეთის მიმართ რაიმე სერიოზული დათმობა იქნება მას მერე, რაც ის უკრაინაში შეიჭრება. არ მჯერა, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკაზე უარს იტყვის, რომ დათანხმება სამხედრო ძალების აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან გაყვანას ან 1997 წლის დროინდელ საზღვრებთან დაბრუნებას.
ძნელი წარმოსადგენია, რომ აშკარა რუსული აგრესიის პირისპირ, რაიმე ისეთი დათმობა მოხდეს, რომელიც სიგნალი იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინის, ან ბალტიისპირეთის მსგავსი ქვეყნებისთვის, არამედ ასევე ჩინეთის, თუ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. აი, ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატები უკან იხევს, ტოვებს გლობალურ არენაზე ლიდერის პოზიციებს და უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, შეავიწროვონ მათი მეზობელი სახელმწიფოები. ამ აზრის რაიმე სახით გამოხატვა-გადაცემა ძალიან ძნელად დასაჯერებელია ჩემთვის.