მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი, ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დევიდ კრამერი. მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის რბილი ძალის საფრთხეებზე ია მეურმიშვილი ესაუბრა.
რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, დრო წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოსთვის? არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოს შესაძლოა მეტი ზიანი მიადგეს თეთრ სახლში რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურების შემთხვევაში?
პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომელიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ძალაში დარჩა. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება - სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დასარწმუნებლად, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს.
მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება.დევიდ კრამერი
თქვენი აზრით, პრეზიდენტი პუტინი თეთრ სახლში არსებული ამ გაურკვევლობით სარგებლობს?
დიახ. პუტინს ორი სასურველი სცენარი ჰქონდა - ერთი ის იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიდოდა და რუსეთს სანქციებს მოუხსნიდა. ეს არ მოხდა. მაგრამ მეორე სცენარი მართლდება. კრემლს იმედი ჰქონდა, რომ ადმინისტრაციას ამერიკის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მოუწევდა ყურადღების გამახვილება და ეს ასეც ხდება. პუტინი ოპორტუნისტია და ყოველთვის ელოდება შანსს, როცა შეერთებული შტატები ყურადღებას მოადუნებს. ვფიქრობ, მის მოქმედებებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნები ჩატარდება. პუტინს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, რომ კენჭს იყრის, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბევრი ნაბიჯი, რომელსაც ის გადადგამს ამ პრიზიდან უნდა დავინახოთ. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2018 წლის მარტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.
რუსეთის რბილ ძალას და დეზინფორმაციას, თქვენი აზრით, აქვს რაიმე გავლენა თეთრის სახლის დამოკიდებულებაზე მოსკოვის მიმართ?
ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესია რთული. მაგრამ როცა ეს პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.დევიდ კრამერი
არჩევნებში ჩარევა ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როცა რუსეთმა ინფორმაცია გამოიყენა იმისთვის, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან არჩევნების ბედი გადაწყვიტა, მაგრამ ეს ნაბიჯი უდავოდ უპრეცედენტო ჩარევა იყო ჩვენს არჩევნებში. კრემლი იყენებს შეთხზულ სიახლეებს, „რაშა თუდეის,“ „სპუტნიკს“ და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება შეძლოს.
წარმოადგენს თუ არა საფრთხეს რუსეთის საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება რეგიონში, იქნება ეს "სპუტნიკი" თუ სხვა საინფორმაციო საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები?
ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მცირე ზომის სააგენტოებს, რომლებსაც დაბალი რეიტინგი აქვს, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, შეცდომას უშვებენ. რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ის არის, რომ საზოგადოებაში შეიქმნას გაურკვევლობა და ადამიანებმა ვერ შეძლონ სანდო ინფორმაციის თავდაპირველი წყაროს დადგენა.
როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობა უფრო ეფექტური იყოს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში?
ჩემი აზრით, უნდა ვაღიაროთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც "სპუტნიკსა" და "რაშა თუდეიში" მუშაობენ ჟურნალისტები არ არიან. ისინი ახალ ამბებს კი არ აშუქებენ, ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებენ. მე დიდ პატის ვცემ ყველა ჟურნალისტს, მათი ჩათვლით, ვინც ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს. მაგრამ „სპუტნიკისა“ და „რაშა თუდეის“ თანამშრომლებს ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც ჟურნალისტებს - ისინი პროპაგანდისტები არიან. ამის გამო, ვფიქრობ ისინი სამთავრობო პრეს-კონფერენციებზე არ უნდა დაუშვან. მაგრამ ამას კრემლის პასუხი მოჰყვება და მოსკოვში ნამდვილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომები გატარდება.
ზოგიერთი ექსპერტი საქართველოს მთავრობას პრო-რუსულ საინფორმაციო წყარობში რეკლამის განთავსებისთვის აკრიტიკებს.
ამას მხოლოდ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს. ამერიკული კომპანიები, საერთაშორისო ბიზნესები ხშირად ყიდულობენ რეკლამას მაგალითად რუსეთის პირველ არხზე. მათ, ცხადია, რუსულენოვან მომხმარებელზე უნდათ გასვლა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ისაა, თუ ამ თანხებით რუსული პროპაგანდის ხელშეწყობა ხდება.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის მიმართ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, საქართველო ევროპისკენ ისე აქტიურად არ მიიწევს, როგორც შეუძლია. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?
ვფიქრობ, საქართველოს ორი დიდი გამოწვევა აქვს. ერთი ის არის დაძაბავენ თუ არა რუსეთთან ურთიერთობას დასავლეთისკენ უფრო აქტიური სწრაფვით. შესაძლოა, მაგრამ საქართველომ ეს მაინც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესია რთული. მაგრამ როცა ეს პროცესი მთავრდება და ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, ის გაცილებით დაცულია, ვიდრე ნატოს გარეშე იქნებოდა.
ამას მეორე გამოწევამდე მივყავართ. მთავრობას სჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხი შეცდომაში შეიყვანა და შეუქმნა მცდარი წარმოდგენა, რომ ნატოში გაწევრიანება სწრაფად მოხდებოდა. ამის გამო კი ქვეყანაში ნატოსთან დაკავშირებით შეიქმნა ილუზია და იმედგაცრუება. კი, საქართველომ მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ამ ეტაპზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არ ჩანს. ვფიქრობ ამ გამოწვევის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მთავრობისთვის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.