ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი აშშ-ს სტუმრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, დევიდ კამერონთან ერთად ოჰაიოს შტატში კალათბურთის თამაშს დაესწრო. ერთამენთს დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის და მისისიპი ველი კოლეჯის გუნდები ხვდებოდნენ. ოთხშაბათს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში შედგა. მხარეებმა ავღანეთის, ირანისა და სირიის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები შეეხო უახლოეს მომავალში დაგეგმილი დიდი რვიანის და ნატოს სამიტებაც. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პატივსაცემად ოთხშაბათს საღამოს გაიმართება წვეულება.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ეკონომიკური პრობლემების დაძლევის, ევროპის ფინანსური კრიზისის გადალახვის და გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმებს.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ პრეზიდენტმა ობამამ და პრემიერმა კამერონმა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საუბრისას განაცხადეს, რომ ეს არის „გულითადი პარტნიორობა, რომელიც ისტორიით, ტრადიციებით და ღირებულებებით არის შედუღაბებული“.