დანიის პოლიცია: "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენები ძლიერმა აფეთქებებმა დააზიანა"

ბალტიის ზღვის დანიის ნაწილში "ჩრდილოეთის ნაკადის" ორ მილსადენზე ჩატარებული გამოძიების წინასწარი შედეგები ცნობილია. გამომძიებელთა შეფასებით, მილსადენებიდან გაჟონვა "ძლიერმა აფეთქებებმა" გამოიწვია. ამის შესახებ კოპენჰაგენის პოლიციამ სამშაბათს განაცხადა.

შვედი და დანიელი ოფიციალური პირები მილსადენებში გაჩენილ გაჟონვის 4 წერტილს იკვლევენ. 26 სექტემბერს მომხდარი გაჟონვის გარემოებებს დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კოპენჰაგენის პოლიციასთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებიც გამოიძიებენ.

მსოფლიო ლიდერები რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალ მილსადენზე მომხდარ დაზიანებებს უკვე უკავშირებენ საბოტაჟს, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას აფეთქებების უკან.

დანიელი სამართალდამცავების დასკვნების მსგავსია მანამდე შვედი პროკურორების შეფასებებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ორი სხვა დაზიანებაც მილსადენზე ასევე აფეთქების შედეგი იყო და საქმეს საბოტაჟის მიმართულებით იძიებდნენ.

ერთ-ერთი შვედური გამოცემის "ექსპრესენის" ცნობით, "ჩრდილოეთის ნაკადი 1" მილსადენზე გაჩენილი ნაპრალი სულ მცირე 50 მეტრი სიგრძისაა. ეს გამოცემის მტკიცებით, დაზიანების პირველი საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოების საფუძველზე გახდა ცნობილი. დანიელი სეისმოლოგები ამბობდნენ, რომ აფეთქებების სიმძლავრე რიხტერის შკალით დაახლოებით 2.3 მაგნიტუდის იყო და დაფიქსირებული სიგნალები არ შეიძლება მიწისძვრა ყოფილიყო.