აშშ-ს დაზვერვის შეფი: მთავრობას, 2018 წლის არჩევნებში რუსული ჩარევის თავიდან აცილების თანმიმდევრული გეგმა არ აქვს

სამშაბათს შეერთებული შტატების დაზვერვის შეფმა დენ ქოუთსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას ჯერ არ ჩამოუყალიბებია რაიმე „თანმიმდევრული სტრატეგია“, რათა ნოემბრის კონგრესის არჩევნებში რუსული ჩარევა ჩაშალოს, თუმცა „უაღრესად მოსალოდნელია“, რომ მოსკოვი ხელის შეშლის კამპანიაში ჩაერთვება ისევე, როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა.

ქოუთსმა მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეების შესახებ, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე თქვა, რომ რამდენიმე ამერიკულმა სააგენტომ „ძალიან კარგად იცის“, რომ საჭიროა მთავრობამ შეერთებული შტატების არჩევნებში რუსების ჩარევის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი შექმნას. მაგრამ სენატორ მაზი ჰირონოს, ჰავაელი დემოკრატის კითხვამ დააბნია.

სენატორმა ჰკითხა: „რატომ არ გვაქვს მთავრობის ყოვლისმომცველი სტრატეგია?“

ქოუთსმა უპასუხა: „ჩვენ გვესმის, რომ ამ საქმეს უნდა მიეხედოს. თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს.“

ჰირონო გამოეპასუხა: „დასკვნა ის არის, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, არჩევნებში რუსების ჩარევა იმისთვის იყო გამიზნული, რათა მას მეტოქე, დემოკრატი ჰილარი კლინტონის დამარცხებაში დახმარებოდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ეს მთავარი პრიორიტეტი არ არის.“

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ქოუთსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთის მხრიდან აქტიური მცდელობის მტკიცებულება დღემდე არ უნახავს, თუმცა იცის, რომ მათი მავნე საქმიანობა გრძელდება და სავარაუდოდ რაღაცას გააკეთებენ, თუმცა არ იცის როგორი მოცულობით, როდის და სად.

ქოუთსმა თქვა, რომ შემდეგ კვირაშივე მოელის ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქციების გამოცხადებას იმ 13 რუსის წინააღმდეგ, რომელსაც დამოუკიდებელმა პროკურორმა რობერტ მალერმა, 2016 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალი წაუყენა.

რუსეთმა შეერთებული შტატების არჩევნებში რაიმე როლის თამაშის ფაქტი უარყო, მაგრამ ამერიკულმა სადაზვერვო საზოგადოებამ დაასკვნა, რომ ამის მითითება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად გასცა. ტრამპმა შეერთებულ შტატებში მიმდინარე რამდენიმე გამოძიებას, რომელიც მისი კამპანიის რუსეთთან შესაძლო შეთქმულებას ეძებს, „კუდიანებზე ნადირობა“ და დემოკრატების თავის გასამართლებელი უწოდა, რომლითაც კლინტონზე მისი მოულოდნელი გამარჯვების ახსნა სურთ.

ქოუთსმა კანონმდებლებს უთხრა: „ჩვენი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულ კიბერ თავდასხმებს იმ განზრახვით გააგრძელებს, რომ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები დააკნინოს და ჩვენი ალიანსები დაასუსტოს. შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების და მოკავშირეების წინააღმდეგ განუწყვეტელი და ძირგამომთხრელი კიბერ და გავლენის ოპერაციები გაგრძელდება.“ მან დასძინა, რომ მოსკოვი „არჩევნებს, დემოკრატიის ძირის გამოთხრის, უთანხმოების დათესვის და ჩვენი ღირებულებების დანგრევის საშუალებად გამოიყენებს.“

დაზვერვის შეფმა თქვა: „რუსეთი თავის წარსულ ძალისხმევას წარმატებულად მიიჩნევს და 2018 წლის შუალედურ არჩევნებს, პოტენციურ სამიზნედ განიხილავს. ისევ მიგვაჩნია, რომ რუსული აქტიურობა, შეერთებულ შტატებში სოციალური და პოლიტიკური ფიგურების გასაღიზიანებლად არის მომართული. ჩვენი შეფასებით, მომავალ წელს რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდის, სოციალური მედიის, ყალბი იდენტობის პირების, კეთილგანწყობის გამომწვევი მოსაუბრეების და გავლენის სხვა საშუალებების გამოყენებას, რათა საკუთარი, დიდი დიაპაზონის მქონე ძირგამომთხრელი ოპერაციები გააფართოოს.“