ჩეხეთი რუსეთს საფრთხედ, ჩინეთს კი სისტემურ გამოწვევად განიხილავს

ჩეხეთის მთავრობამ თავის ახალ უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს დაამტკიცა, რუსეთს პირდაპირი საფრთხე, ჩინეთს კი სისტემური მეტოქე უწოდა. ეს სტრატეგია ასახავს მშვიდობის და სტაბილურობის პერიოდის დასასრულს, რომელიც ევროპაში „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ იყო.

ასევე ნახეთ: ჩეხეთს ჯერ კიდევ ბევრი შეიარაღება აქვს, რომ უკრაინას მიაწოდოს, თავდაცვის მინისტრი

ნატოს და ევროკავშირის წევრი ცენტრალური ევროპის ქვეყანა „საფუძვლიანად უნდა მოემზადოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ შესაძლოა შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილი გახდეს,“ თუმცა ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმის რისკი დაბალი რჩება, ნათქვამია დოკუმენტში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოქმედმა ცენტრისტმა-მემარჯვენე მთავრობამ კიევს მხარი სწრაფად დაუჭირა სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის ტანკების გაგზავნით და უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ დასავლელ მხარდამჭერად რჩებოდა.

„რუსეთი ჩეხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის წინააღმდეგ შეგნებულად მოქმედებს. ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს,“ ნათქვამია ჩეხეთის მთავრობის დოკუმენტში.