ამერიკაში კორონავირუსის 2 ახალ ვარიანტს აკვირდებიან

ვაქცინაციის რიგი ბრონქსში, ნიუ-იორკი

შეერთებულ შტატებში მეცნიერები გულდასმით სწავლობენ კორონავირუსის ორ ახალ ვარიანტს. აქედან ერთი ქალაქ ნიუ-იორკში ვრცელდება, მეორე კი - ლოს-ანჯელესში.

სულ ამერიკაში თითქმის ათეულობით ახალი ვარიაცია ფიქსირდება. მათ შორის 18 მარტო ნიუ-იორკის შტატშია ნაპოვნი, რომლებიც უფრო იოლად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის ორიგინალური ვერსია. ამას გარდა, შტატში ფიქსირდება პირველად სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი კორონავირუსის ვარიაციის რამდენიმე შემთხვევაც.

განსაკუთრებით დიდი ყურადღებაა მიპყრობილი ქალაქ ნიუ-იორკში ამ კვირაში ნაპოვნ ვარიაციაზე, სახელად B.1.526. ამ ვირუსის შესწავლაზე ახლა ორი გუნდი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. მისი მუტაციები ვირუსს ორგანიზმში შეღწევაში ეხმარება და ბუნებრივ იმუნურ პასუხს ასუსტებს, ასევე აფერხებს მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის ეფექტს. ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია თავმოყრილი.

„ვაკვირდებით ვირუსის დეტექციის მყარ ზრდას, დეკემბრიდან დაწყებული, თებერვლის შუა რიცხვებამდე, ბოლო ორ კვირაში საგანგაშო - 12.7%-ით მატებას“ - წერენ კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები ანგარიშის წინასაპუბლიკაციო ვერსიაში. კვლევის ხელმძღვანელია ექიმი დევიდ ჰო, კოლუმბიის უნივერსიტეტის შიდსის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

ასევე ნახეთ: ვირუსის ვარიაციები, ვაქცინების ეფექტურობა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების შანსები - ინტერვიუ ენტონი ფაუჩისთან

„ნიუ-იორკ თაიმსი“ ოთხშაბათს წერდა, რომ მეცნიერები ნიუ-იორკში ნაპოვნი B.1.526 ვერსიით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე ლოს-ანჯელესში გავრცელებული ვარიაციით. B.1.526 ვარიაანტის ნიმუშებში ორი მუტაცია იპოვეს: E484K და S477N.

მუტაციის E484K მეტსახელია „გაქცევის მუტაცია“, რადგან ის იოლად არიდებს თავს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. მეორე მუტაცია კი სახელად S477N ცილოვან წაწვეტებებს ქმნის, ე.წ. სპაიკ-პროტეინებს, რომლებიც იოლად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მეტად გავრცელებას უწყობს ხელს.

ასევე ნახეთ: სამხრეთ კალიფრონიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

რაც შეეხება კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ნაპოვნ ვარიაციას, უკვე ორი კვლევა ადასტურებს, რომ ის ძალიან იოლად ვრცელდება. კორონავირუსის ვარიანტი სახელად B.1.427/B.1.429 მანამდე ავსტრალიაში, დანიაში, მექსიკაში და ტაივანშიც იპოვეს, თუმცა ის ყველაზე მეტად მაინც კალიფორნიაში გავრცელდა. ამის მიზეზად მეცნიერები ე.წ. სუპერგამავრცელებელ ღონისძიებებს მიიჩნევენ, როგორიცაა მაგალითად, ხალხმრავალი ქორწილი.

ეს ვარიანტი კალიფორნიაში სექტემბერში საერთოდ არ იძებნებოდა, მაგრამ გავრცელებისთანავე, უკვე იანვრისთვის, დომინანტური გახდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ვარიაციით ინფიცირების შემთხვევები ახლა ყოველ 18 დღეში ორმაგდება.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ იცვლება კოვიდ-19 და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

სპეციალისტებს კიდევ ერთი მუტაცია B.1.1.7 აინტერესებთ, რომელიც კალიფორნიაში პირველად დეკემბერში აღმოაჩინეს. B.1.1.7 იქ ბრიტანეთიდან მოხვდა, სადაც სწრაფად გახდა დომინანტური და საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვია. ბრიტანული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის ეს ვარიანტი არამარტო მეტი გავრცელებით გამოირჩევა, არამედ ადრეულ ვარიანტებთან შედარებით, ლეტალობის ოდნავ მაღალი მაჩვენებელიც აქვს.