კორონავირუსმა ავსტრალიის 30-წლიანი ეკონომიკური ზრდაც შეაჩერა

კორონავირუსის პანდემიამ და ზაფხულის ხანძრებმა ავსტრალიის 29-წლიან უწყვეტ ეკონომიკურ ზრდაზეც მოახდინა გავლენა. ქვეყანაში მთლიანი შიდა პროტუქტი და ეროვნული შემოსავალი მარტში, პირველი კვარტლის მონაცემებით, დაეცა. ამ ციფრებით ავსტრალიაში ეკონომიკური რეცესია დგება, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა.

იანვრის ხანძრები ავსტრალიაში

ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ავსტრალიის ეკონომიკა ისედაც რთულ ვითარებაში იყო, სანამ კორონავირუსის პანდემია გავრცელდებოდა. მასზე უდიდესი გავლენა ტყეებში ძლიერმა და მასშტაბურმა ხანძრებმა მოახდინა, შეზღუდა ტურიზმიც და შიდა მოთხოვნაც. პანდემიამ კი ამ კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საკარანტინე შეზღუდვების გამო ათასობით ბიზნესი იძულებით დაიხურა, მათ შორის სპორტული დარბაზები, კაფეები, თეატრები და მაღაზიები.

მოსალოდნელია, რომ უმუშევრობა გაორმაგდება და 10 %-ს მიაღწევს. ამას გარდა, ეკონომიკური სტიმულირებისა და დაზარალებულთა დასახმარებლად გაგზავნილი ჩეკების და თანხების გამო, ეროვნული ვალი გაიზრდება.

მთავრობა ამბობს, რომ მომდევნო თვეების ეკონომიკური მოლოდინი კარგად არ გამოიყურება. თუმცა, ავსტრალია "დიდი შვიდეულის" და ძლიერი ეკონომიკის მქონე აზიურ სახელმწიფოებთან შედარებით, არც ისე ცუდ მდგომარეობაშია. ამ ქვეყნების უმეტესობაში ეროვნული შემოსავალი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ავსტრალიაში.

ავსტრალია ფოტოებში