რამდენიმე ქვეყანა, ახალი კორონავირუსის გავრცელების კონტროლისთვის დაწესებული კარანტინის შესამსუბუქებლად ფრთხილ ნაბიჯებს დგამს.
ორშაბათს, გერმანიის ხელისუფლებამ ზოგიერთ პატარა მაღაზიას გახსნის ნებართვა მისცა, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები ძალაში რჩება.
ალბანეთში, ასობით მაღაზიის კარი, ბოლო თვის განმავლობაში პირველად გაიღო. მუშაობის განახლების უფლება, მეთევზეთა ნავებს და საკვების გადამამუშავებელ საწარმოებსაც მიეცა.
შრი-ლანკის ორ მესამედში კომენდანტის საათი გაუქმდა და ოთხშაბათისთვის, კარანტინის შემსუბუქებას ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც გეგმავენ.
ნორვეგიაში, მოსწავლეები სკოლებში ორშაბათს დაბრუნდნენ, დანიაში ეს ოთხშაბათს მოხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქვეყნების მიერ სოციალური შეზღუდვების შემსუბუქების გეგმები მასზე “გამამხნევებლად” მოქმედებს, მაგრამ გამოთქვა გაფრთხილება, რომ “კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს ზომები ეტაპობრივი პროცესი იყოს.”
ახალმა ზელანდიამ გამოაცხადა, რომ 27 აპრილიდან, კარანტინიდან ეტაპობრივი გამოსვლის გეგმა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა თქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდება, მთავრობა ვითარებას შეაფასებს და დამატებითი აქტიურობის დაშვების საკითხს გადაწყვეტს.
სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმაც ფრთხილი მიდგომისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც კარანტინის გაუქმებასთან ერთად, დაავადების ახალი შემთხვევების უწყვეტი შემცირება გრძელდებოდა.
ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა თქვა, რომ 7 მაისიდან, როდესაც ქვეყნის კარანტინის ზომების შემსუბუქება დაიწყება, პაბები და რესტორნები დაკეტილი დარჩება.
ზიმბაბვეში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მაღაროები და ქარხნები შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ქვეყანაში ორი კვირით გააგრძელა კარანტინი, რომელიც კვირას უნდა დასრულებულიყო.
შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილებში ბიზნესები და სკოლები დაკეტილი რჩება, რაც იწვევს ზოგიერთ დემონსტრაციებს გუბერნატორების და მათი ბრძანებების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ და სოციალურ კონტაქტს შეძლებისდაგვარად მოერიდონ.
ზოგიერთი შტატის დედაქალაქებში, მეტწილად ტრამპის მხარდამჭერი მცირე ჯგუფების დემონსტრაციები გაიმართა. ისინი ჩაკეტვას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს ზომები მათ კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.
პრეზიდენტმა ტრამპმა, კვირას გამართულ თათბირზე თქვა, რომ ზოგიერთი გუბერნატორი მათ მიერ დაწესებული შეზღუდვებით “შორს წავიდა” და ხალხს პროტესტის უფლება აქვს.
ზოგიერთი გუბერნატორი ამბობს, რომ მათი შტატი კარანტინის გაუქმებისთვის მზად არ არის.
მერილენდის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა, “სი ენ ენის” ტელეპროგრამაში თქვა, რომ “გუბერნატორებს და ხალხს სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს ვაწვდით, თითქოს ფედერალურ წესებს და ფედერალურ რეკომენდაციებს იგნორირება უნდა გავუწიოთ.”
ვაშინგტონის დემოკრატმა გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ, შტატების გახსნის თაობაზე ტრამპის გზავნილს“სახიფათო” უწოდა.
კვირას, კორონავირუსის საკითხზე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის წევრმა სიმა ვერმამ თქვა, რომ ხანდაზმულთა მოვლის სახლები ახლა ვალდებული არიან, პაციენტების ან მათი ოჯახის წევრების,“კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევების შესახებ, პირდაპირ ჯანდაცვის ფედერალურ მესვეურებს მოახსენონ