უელტი: თვალი უნდა მივადევნოთ რაში გამოიყენებს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას

„თვალი უნდა მივადევნოთ და ვნახოთ თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას,“ ასე ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთის და ევრაზიის საკთხების მკვლევარი.

საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ 2016 წლის არჩევნების დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მიუხედავად, უელტი ამბობს, რომ ახლა საქართველოში მმართველობის მთლიანად ერთი ჯგუფის ხელში მოქცევის რისკის წინ დგას.

„არჩევნების შედეგი იქნება მთავრობა, რომელსაც პარლამენტში სამი-მეოთხედი ჰყავს, ოპოზიციური პარტია მცირე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. არსებობს რისკი იმისა, რომ ჩვენ ვნახავთ იმის განმეორებას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა - ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ მმართველობის ძალის კონსოლიდაცია, ხელში ჩაგდება.

საქართველოს ბოლო ორი მმართველობისას ვნახეთ თუ რა ხდება მაშინ, როცა მმართველობა მთლიანად ერთი გუნდის ხელშია,“ ამობს უელტი.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ ისმოდა კითხვები, დარჩება თუ არა საქართველო დასავლეთის ორბიტაზე, თუ დაუბრუნდება ის რუსეთს.

„ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავს ღიად წარმოადგენდა, როგორც პრო-რუსულ პოლიტიკურ ძალას, ზოგიერთი საქართველოს ევრაზიული კავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა. მათმა დიდმა ნაწილმა არჩევნებზე კარგი შედეგი ვერ აჩვენა. ამ პარტიებიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ერთმა გადალახა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ შევიდა. „პატრიოტთა ალიანსიც“ კი აცხადებს, რომ პრორუსული ძალა არ არის, არამედ აქვს კითხვები დასავლეთთან ინტეგრაციაზე,“ ამბობს უელტი.

მისივე აზრით, ასევე ხაზგასასმელია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მისი მოსახლეობის თანმიმდევრული სწრაფვა დასავლეთისკენ.

„აზრის კვლევები უჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობა თანმიმდევრული რჩება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მონაცემები ოდნავ იცვლება, მაგრამ უმეტესად 72 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის კავშირში წევრობას, 64 პროცენტი კი ნატოს წევრობას, ეს იმის მიუხედავად რომ სირთულეებიც ახლავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.“

მისი შეფასებით, საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, თუმცა მთავრობების ცვლილების მიუხედავად გრძელდება ამერიკა-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა:

„შეერთებულ შტატებს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში მყარი თანამშრომლობა განსაკუთრებით წინა პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა პრობლემები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩვენს საერთო ღირებულებებს. პრობლემები მმართველობის ფორმებს ეხებოდა. ამას საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა არ შეუმცირებია, მაგრამ მას გარკვეული დაძაბულობა შეჰმატა.“

უელტი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა უფრო მყარია, ვიდრე ამერიკის კავშირები რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან. ამ ღრმა თანამშრომლობის საფუძვლად მას საერთო ღირებულებები მიაჩნია.

„ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ქართული ოცნების მთავრობებთან. სტრატეგიული თანამშრომლობა ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას მხარს უჭერენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები,” დასძენს ის.