კორუფციის შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ქვეყნების უმრავლესობაში კორუფციასთან ბრძოლასა და მის აღმოსაფხვრელად ან ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება ან წინსვლა საერთოდ არ არის, ჟურნალისტები კი, რომლებიც კორუფციის მაღალი ინდექსის მქონე ქვეყნებში მუშაობენ, საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ.
ინდექსი, რომელიც 180 ქვეყნისა და ტერიტორიის მაჩვენებლებს აერთიანებს, ეფუძნება მოსახლეობის მიერ საჯარო სექტორში კორუფციის არსებობის შესახებ მოსაზრებებს ანუ იმას, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები ამ ქვეყნებში კორუფციის დონეს.
0-დან 100-მდე ინდექსში, 0 - თან ახლოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების მაჩვენებელია, და პირიქით, რაც მეტია ინდექსი ქვეყანაში, კორუფცია ნაკლებად სერიოზული პრობლემაა.
წელს ანგარიშმა აჩვენა, რომ ქვეყნების დაახლოებით ორ-მესამედში კორუფციის მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია.
საქართველოს მაჩვენებელი 2017 წელს გასულ წელთან შედარებით ერთი ნიშნულით გაუარესდა და მისი კორუფციის ინდექსი ახლა 56-ია. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 52-ს შეადგენდა.
კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიასა (89) და დანიას (88) აქვთ. სირია (14), სამხრეთ სუდანი (12) და სომალი (9) კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებითაა სიაში წარმოდგენილი. ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული რეგიონი - დასავლეთ ევროპაა, სადაც საშუალო მაჩვენებელი 66-ია. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები კი სუბ-საჰარის რეგიონის აფრიკას აქვს, საშუალოდ - 32, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს - 34.
2012 წლის შემდეგ რამდენიმე ქვეყნის პოზიციები ამ ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ შორის კოტ-დიუვარის, სენეგალისა და გაერთიანებული სამეფოს. მაშინ როდესაც სირიის, იემენისა და ავსტრალიის მაჩვენებლები გაუარესდა.
მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ კორუფცია იმ ქვეყნებშია შედარებით მაღალი, სადაც პრესის თავისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეზღუდულია. ამ ინდექსის „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებთან შედარებისას კი ირკვევა, რომ გასული 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში მოკლული ყოველი 10 ჟურნალისტიდან 9 იმ ქვეყნებში მოკლეს, რომელთა კორუფციის ინდექსიც 45 -ზე დაბალია.