რა კავშირი აქვს კორუფციას ექსტრემიზმის დამარცხებასთან?

ერაყელი ჯარისკაცები დაჯგუფების დროშას ხევენ

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” თვლის, რომ კორუფცია ძალადობრივი ექსტრემიზმის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. კორუფციასთან მებრძოლი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან მიმდინარე ბრძოლაში, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო” და “ბოკო ჰარამი”, საერთაშორისო საზოგადოებამ კორუფციის დამარცხება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა აქციოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დღეს გამოცემულ ანგარიშში აშკარად იკვეთება, რომ სახელისუფლებო კორუფცია საშუალებას აძლევს დაჯგუფებებს ისარგებლოს ხალხის წყრომით და ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. კერძოდ, მათ შესაძლებლობა ექმნებათ, გადაიბირონ ადამიანები, მოიმარაგონ იარაღი, მოარყიონ ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ინსტიტუტების რეპუტაცია, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო არმია.