ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია 29 იანვარს დაიწყო. იაპონიამ საკუთარი 206 მოქალაქე ვუჰანიდან, ჩარტერული რეისით გაიყანა. ოთხი მათგანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
სააგენტო „ასოშეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, ვუჰანიდან ასევე გაიყვანეს ამერიკის მოქალაქეები, რომელბსაც ალასკაში, ვირუსზე სამედიცინო შემოწმებას გაატარებენ. ქალაქი ვირუსის ეპიცენტრია.
ავსტრალია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ გეგმავენ ჩინეთის ქალაქიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას.
ჩინეთის სამედიცინო სამსახურების ინფორმაციით ინფიცირებულთა რაოდენობა 5900-მდე გაიზარდა. ჩინეთის მთავრობას ვუჰანში კარანტინი აქვს გამოცხადებული. ქალაქის დატოვება ან მასში შესვლა აკრძალულია. კარანტინი ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებზეც ვრცელდება.
ვირუსი, გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის დასასრულს, ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა.
ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ასევე, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვუჰანიდან დაბრუნებულ ოჯახს ვირუსი დაუდგინდა.
ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადგინდა ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპოიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, შეერთებულ შტატებსა და ვიეტნამში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებული პირების უმეტესობამ ან ვუჰანში იმოგზაურა, ან ქონდა კონტაქტი პირებთან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე, ჩინეთის გარეთ, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.