კორონავირუსი: 300-ზე მეტ ევაკუირებულ ამერიკელში, ვირუსი 14-ს აღმოაჩნდა

ავტობუსი, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეები გადაიყვანეს

შეერთებული შტატების განცხადებით, იაპონიის პორტში მდგარი საკრუისო ლაინერიდან, რომელზეც კორონავირუსმა (კოვიდ-19) იფეთქა, ევაკუირებულია ამერიკის 300-ზე მეტი მოქალაქე. პირველი რეისი დღეს კალიფორნიის საჰაერო ძალების ბაზაზე დაჯდა. რამდენიმე საათის შემდეგ, მეორე რეისი ტეხასის ავიაბაზაზე დაეშვა.

მგზავრებს კარანტინში ყოფნა კიდევ 2 კვირა მოუწევთ. პირველადი შედეგების მიხედვით, ახლად გასინჯულებიდან კოვიდ-19 აღმოაჩნდა 14 მგზავრს, იმის მიუხედავად, რომ მათ მანამდე არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. ჯამში, ინფექცია ლაინერზე 46 ამერიკელს დაუდგინდა.

გემი იაპონიის წყლებში 5 თებერვლის შემდეგ იმყოფება. კარანტინის გამო, მგზავრებს ხმელეთზე გადასვლის საშუალება, ამერიკის მოქალაქეების გამოკლებით, დღემდე არ აქვთ. ლაინერზე ინფიცირებულთა რაოდენობა 450-ს აჭარბებს.

მას შემდეგ, რაც ამერიკამ ევაკუაცია განახორციელა, მის მაგალითს სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ. დღეს ავსტრალიამ განაცხადა, რომ საკრუისო ლაინერიდან თავის მოქალაქეებს გადასხამს. ანალოგიური ნაბიჯისთვის ემზადება კანადა, იტალია, სამხრეთ კორეა და ჰონგ-კონგი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ხომალდზე დაფიქსირდა. იაპონია აცხადებს, რომ ერთ დღეში, ვირუსზე დადებითი შედეგი 99 მგზავრს ჰქონდა. გემზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ინფიცირებულია 454.

ოფიციალური პეკინის მონაცემებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70 000-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი კი 1 800-მდეა. მარტო ჰუბეის პროვინციაში დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 100-ით გაიზარდა. ინფიცირებულებს შორის, 11 000 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ექსპერტები პეკინში ჩავიდნენ. ისინი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან და შემდეგ, ერთობლივი კომისია ვირუსის გავრცელებას, დაავადების სიმწვავეს და მიღებულ ზომებს გულდასმით შეისწავლის.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი ახლახან შეაქეს კარანტინის სწორად და ეფექტურად მართვისთვის, ორგანიზაციას კითხვები აქვს პეკინთან ინფორმაციის გასაჯაროების დაგვიანების გამო. საუბარია ინფექციის აფეთქების დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციაზე და ასევე იმაზე, თუ როდიდან იცოდა ჩინეთმა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე მოპოვებული ინფორმაცია, ვირუსულ ინფექციასთან ეფექტურად გამკლავებას შეუწყობს ხელს. ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ერთად იმუშაონ ვირუსის დასამარცხებლად, მეტი "სოლიდარობით" და "სტიგმების გარეშე".