მცოცავი ქურდობა მცოცავი ოკუპაციის ფეხდაფეხ

სოფელი კარალეთი, საქართველო, 2008

ქართული მხარე უძლურია რუსი მესაზღვრეების ჩვეულებრივი ქურდობის ფაქტი აღკვეთოს. ასევე შეუძლებელია კანონის შესაბამისად დაისაჯონ ის პირები, ვინც სხვის საკუთრებას იტაცებენ კონფლიქტის ზონაში. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში 6 ჰექტარზე ადგილობრივი მოსახლეების მიერ დათესილი მოსავლის აღება გუშინ რუსმა სამხედროებმა სპეციალური ტექნიკით დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე შევიდა, რუსულმა კომბაინმა მუშაობა შეწყვიტა. ჩილინდრიშვილების ოჯახს დღეს 5 საათი მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი მოსავალი აეღოთ.

შალვა ჩილინდრიშვილი, სობისის მკვიდრი, ვისი ქერის მოსავალმაც რუსი მესაზღვრეები ქურდობისთვის აცთუნა, პირველ არხთან ამბობს: „შემოვიდნენ რუსები კომბაინით, აიღეს ჩემს მიერ დათესილი მოსავალი. 6 ჰექტარი მაინცაა მათ მხარეს მოქცეული, ოკუპირებული. წუხანდელი მუშაობის შედეგად ჰექტარ–ნახევარ ფართობზე დათესილი აიღეს უკვე.“

ქართული მხარის ერთადერთი ბერკეტი ჟენევაში, დისკუსიის დროს, ან ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებზე საკითხის დაყენებაა. ხშირად ამგვარი დიალოგები მაინც ჩიხში შედის, რადგან ოსური და რუსული მხარე ითხოვს დამადასტურებელ საბუთებს, რომელიც მიწის მესაკუთრეს უნდა გააჩნდეს. მოუწყობელი სისტემის გამო, უმეტეს შემთხვევებში მიწის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს. სახელმწიფო რეესტრი ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს, რომლის შედეგი უკვე რამდენიმე წელია არ დამდგარა.

ამერიკის ხმა გორის მუნიციპატლიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს ესაუბრა, რომელიც თავად დაესწრო ჩილინდრიშვილების მიერ ქერის მოსავლის აღებას. „ფაქტია, რომ გუშინდელმა და დღევანდელმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო. ჩვენ ასე ვაყენებდით საკითხს: თუ მაინცდამაინც არ უნდა ავიღოთ ეს მოსავალი, მაშინ სხვამ რატომ უნდა აიღოს? მაშინ უნდა დავტოვოთ მინდორზე. მაგრამ რადგან დღეს შედგა მოლაპარაკება, ეს უკვე კარგია. ახლა სწორედ ჩილინდრიშვილების ოჯახიდან მოვდივარ. დააბინავეს მოსავალი და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა,“– გვეუბნება იგი. რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა საპასუხო ქმედებების კონკრეტული სტრატეგია სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურმა შემთხვევებმა სისტემური ხასიათი შეიძინა, ამის თაობაზე გამგებელი ამბობს: „განმეორების შემთხვევაშიც იმედი მაქვს, რომ ჩავერევით ანალოგიურად და იმედი მაქვს, რომ ყველა შემთხვევა კარგად გადაწყდება“.

საინტერესო იქნებოდა ასევე რუსული მხარის მოსაზრების მოსმენა იმის შესახებ, თუ რით ხსნიან გადაწყვეტილებას სხვისი კუთვნილი მოსავლის მისაკუთრების თაობაზე. დავით ონიაშვილი ამბობს: „ჩვენ ვცდილობთ, მოლაპარაკებებზე კონფრონტაციის ენით არ ვისაუბროთ, ვცდილობთ, რომ მოლაპარაკება იყოს საღ აზრამდე მიმყვანი. ამიტომ მიზეზები და იმის გარკვევა, თუ ასე რატომ მოხდა და სხვა, ანუ დეტალებზე, უკვე, მე მგონი, ვერ ვისაუბრებთ. მთავარია, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე შედეგი დადგა და მოსავალი აიღო ამ ოჯახმა. ახლა ამბობენ, რომ უჯობთ თავი შეიკავონ და აღარ დაამუშაონ ეს ტერიტორია მომავალ წელს. რუსი მესაზღვრეების მიერ ბანერები აქ მას შემდეგ განთავსდა, რაცნათესები უკვე იყო გაკეთებული.“

რუსმა მესაზღვრეებმა ჩილინდრიშვილების ნაკვეთზე პირობითი საზღვარი მას შემდეგ მონიშნეს, რაც აქ ქერი უკვე დათესილი გახლდათ. მომავალი წლისთვის ამ ნაკვეთის დამუშავებას ან მასზე ადგილობრივები მოერიდებიან. ასე რომ ეს ტერიტორიაც დღეიდან ოკუპირებული ფართის ნაწილია.