საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში 73 ადამიანისგან შემდგარი საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. მის წევრებს შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო პარტიების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვები. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართა ღია საზოგადოება საქართველოს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, DRI და IDFA –ს ორგანიზებით, მთელ დღეს გაგრძელდა და ყველაზე პრობლემურ საკითხებს შეეხო.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილებების ჩამორთმევას. „ერთი ეხება უშიშროების საბჭოს. ეს არის უმარტივესი ნონსენსი. უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც ეთათბირება პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. არ შეიძლება კომპეტენცია იყოს ერთის და მე ვეთათბირებოდე მეორე ორგანოს. ეს არის სრული ნონსენსი. ესაა ერთი ცვლილება და მეორე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას. 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში ეწერა, რომ უმჯობესია, ეს უფლებამოსილება გადავიდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.
შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კომისიაში ამბობს: „საკითხი, რა თქმა უნდა, უმთავრესად გადაბმულია პარლამენტის არჩევის წესზე. მთავრობის გულწრფელობა, იმის თაობაზე, ანუ მართლაც სურს თუ არა ასეთი ნეიტრალური არბიტრი – პრეზიდენტის მიღება და არა ისეთი პრეზიდენტის, რომელიც მართვადი იქნებაპოლიტიკური ძალისგან და ფაქტობრივად, დანიშნული იქნება მმართველი ძალის მიერ, გამოჩნდება მაშინ და გავიგებთ იმის მიხედვით, თუ როგორი საპარლამენტო არჩევნების წესზე დაგვთანხმდება მმართველი ძალა.“
ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩაწერა ფერნანდო კასალ ბერტოასთან DRI–ს წარმომადგენელთან, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს:
„მე ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური პარტიების მშენებლობა. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შექმნათ ინსტიტუციური ჩარჩორომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სიცოცხლისუნარიანობა.
პარლამენტარიზმის მიღება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტის პირობებში, გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების როლს. ისინი, რა თქმა უნდა ჩართულები იქნებიან პრეზიდენტის არჩევნებში, ყველა შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რა თქმა უნდა, ძალიან საკამათოა. ასევე, მიმაჩნია, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეამცირებს ძალაუფლების კონცენტრაციის რისკს (თქვენ იცით, რომ ახლა ჩვენ გვაქვს სუპერ უმრავლესობა). პროპორციული სისტემა პარტიების მნიშვნელობას გაზრდის, რადგან ამომრჩევლები პოლიტიკოსებს დაუკავშირდებიან პოლიტიკური პარტიების შუამავლობით. მაჟორიტარული სისტემის დროს ეს ასე არ ხდება. პროპორციული სისტემა პარლამენტარიზმის როლსაც გაზრდის და ასევე გამოკვეთს ოპოზიციის მნიშვნელობას უმრავლესობის კონტროლის მიმართულებით. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბალანსის თვალსაზრისითაც საინტერესოა.“
კითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდნენ პარტიები საქართველოში, ფერნანდო კასალ ბერტოა ასე გვპასუხობს:
„რამდენიმე გზა არსებობს პარტიების გაძლიერებისთვის: უნდა გაფართოვდეს კავშირების სპექტრი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის. საჭიროა მობილიზაცია, სანფორმაცო კამპანიები ხმის მიცემის, პროგრამების, ზოგადად შინაარსობრივ საკითხებზე. ეს გაზრდის ამომრჩევლის ცნობიერებას. აქ მხოლოდ პერსონების ცნობადობა არ იგულისხმება, ან დროებით ღონისძიებებზე კონცენტრირება. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის ფაქტორი, რადგან ეს კავშირშია ნდობის მოპოვებასთან ამომრჩევლებს შორის. უნდა გაიზარდოს ორგანიზაციული ფაქტორი. ახალი წევრების რეკრუტირებამ კამპანიურობის სახე უნდა მიიღოს, ასევე მხარდამჭერების, აქტივისტების, მათ შორის ინფორმირებული აქტივისტებისა და მოხალისეების მობილიზებაც მნიშვნელოვანია. დიდი ხარვეზია, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს გაუაზრებლად, ზედაპირულად, როდესაც არ ფლობ სინამდვილეში ინფორმაციას ფუნდამენტურად.“
საერთაშორისო ექსპერტი საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ გახარჯული თანხების მიზნობრიობის თაობაზეც:
„საქართველოში პოლიტიკური პარტიები იღებენ ფულს ხელისუფლებისგან. მათ რომ ეს ფული დახარჯონ იმაზე, რაზეც რეალურად უნდა ხარჯავდნენ, მაგალითად კამპანიების წარმოებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, სხვა სურათი გვექნება. სინამდვილეში ეს ფული იხარჯება ბილბორდებზე, პლაკატებზე, პოსტერებზე, დიდი ოდენობით კამპანიებზე, რის გადაუდებელი აუცილებლობაც არ არის. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ უფრო მეტად ინფორმაციული, საგანმანათლებლო აქტივობები. ეს მნიშვნელოვანია მომავლის მშენებლობისთვის. მაგალითად, არაპროპორციულად, შეუფერებლად დიდი რაოდენობა იბეჭდება ლიდერების ფოტოები, რასაც ყველგან ვაწყდებით ქუჩებში. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის“.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის მოწყობის წესი იცვლება. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ დღეს ყველამ კარგად იცის და კვლევები ცხადყოფს, რომ ხალხს საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი და ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი არ აღელვებს, რადგან ქვეყანაში ნომერი პირველი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური საკითხებია.