რესპუბლიკელი კონგრესმენი კრის სმიტი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, კონგრესმენი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში, სხვადასხვა ძალების მოქმედების გარკვეული მტკიცებულებები უკვე არსებობს.
„უამრავი მტკიცებულება არსებობს. საჭიროა მეტი გამოძიება, განსაკუთრებით, გამანადგურებელი თვითმფრინავების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, გამოიყენეს და რომლებიც, სავარუდოდ, თურქეთიდან იყო. ასევე, როდესაც სახეზეა რამდენიმე ათასი ჯიჰადისტი, ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთი კვლავ ძალზედ მავნე როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ადამიანები კი კვდებიან. თქვენ იცით, რომ მინსკის ჯგუფის მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ დრომდე უშედეგოა. ალიევმა დიალოგის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვფიქრობ ისინი სამხედრო უპირატესობას გრძნობენ. ამაზე ძლიერი პასუხი უნდა იყოს“ - აცხადებს კონგრესმენი.
Your browser doesn’t support HTML5
კრის სმიტი ფიქრობს, რომ ამერიკამ თურქეთთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს. მისი თქმით, თურქეთის ქმედებები, არ შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნის ნაბიჯებს.
„ჩვენ გვჭირდება თურქეთთან ურთიერთობას გადავხედოთ, გადავაფასოთ. თქვენ იცით, რომ თურქეთი ცნობილია მსგავსი ქმედებებით. ის, რომ კვიპროსში მისი ნაქმოქმედარი წლების წინ იყო, არ ამსუბუქებს უსამართლობასა და სისასტიკეს. ჩვენ, ასევე, ცოტა ხნის წინ, რეზოლუცია მივიღეთ სომხების გენოცდიდის შესახებ. ის, რაც მათ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს გენოციდი იყო. მათ სურდათ სომეხი ხალხი დედამიწიდან გაექროთ. ახლა კი, კვლავ გვაქვს სიტუაცია, როცა თურქეთი ისევ ცუდ როლს თამაშობს რეგიონში. ის სამხედრო მხარდაჭერას უწევს აზერბაიჯანს. „შეწყვიტეთ” – სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი - „უპირველეს ყოვლისა, შეაჩერე მკვლელობა!“ - აცხადებს კონგრესმენი.
Your browser doesn’t support HTML5
განახლებული შეიარაღებული დაპირისპირების მეცხრე დღეს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ბრალი სამოქალაქო უბნებზე თავდასხმაში დასდეს. მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
რამდენიმე დღის წინ, ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს მინსკის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ლიდერებმა, დონალდ ტრამპმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა. პირველმა პირებმა, მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„ვითარება ქვეყანაში სერიოზულია - ბოდიში, მთიანი ყარაბაღის რეგიონში. ჩვენ სრულად მობილიზებულნი ვართ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტმა პუტინმა და მე, ერთობლივი კომუნკე გამოვაქვეყნეთ. მოვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და კეთილგონიერებისკენ მოვუწოდებთ მათ, ვინც ამა თუ იმ მხარეს, უბიძგებენ ქმედებისკენ, რომელიც გონივრულობისგან შორს არის“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
თურქეთის პრეზიდენტი კი აცხადებდა, რომ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, როგორ შეიძლება აფეთქდეს ვითარება სამხრეთ კავკასიაში.
“შეტაკებები, რომლებიც ოკუპანტი სომხეთის მიერ, აზერბაიჯანზე თავდასხმებით დაიწყო, კავკასიაში შესაძლო ახალი აფეთქების ნათელი მაგალითია. ჩვენ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით ვდგავართ, ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის და სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
მოსკოვი ცდილობს, მიმდინარე კონფლიქტში მომლაპარაკებლად წარმოჩინდეს. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და აქტიურ კავშირზეა როგორც ბაქოსთან და ერევანთან, ასევე ანკარასთან.
ვაშინგტონში კი, ანალიტიკოსები მსჯელობენ რა სარგებელს შეიძლება ელოდეს რუსეთი მთიან ყარაბაღში განახლებული კონფლიქტისგან. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი, შესაძლოა, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განლაგება იყოს. ბრაიზას ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მოქმედებებს ახსენებს.
„ვფიქრობ, რუსეთს არ სურს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იხილოს. მას სურს ქვაბი მუდამ დუღდეს, მაგრამ ის არ უნდა გადადუღდეს. რუსეთი ცდილობს, ორივე მხარისთვის შექმნას სიტუაცია, სადაც თავად მნიშვნელოვანი როლი ექნება. ვფიქრობ მას სურს რეგიონში მშვიდობისმყოფელები განათავსოს, ზუსტად ისე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოიქცა. როგორც კი ამას გააკეთებს, რუსეთს ნამდვილად შეეძლება, მისთვის სასურველი მოვლენები განავითაროს. სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიაციის ჩემი გამოცდილებით, რაც საქართველოში, აზერბაიჯანსა თუ კვიპროსში მიმუშავია, ზოგადი წესები არსებობს. პირველი, ქვეყანას არ შეუძლია სამშვიდობო მისიით იყოს წარმოდგენილი კონფლიქტში თუ თავადაა მისი ნაწილი -- ეს მოცემულობა მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში არ გვაქვს, განსხვავებით საქართველოს შემთხვევისგან -- და მეორე, თუ ის მეზობელია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი - განალაგოს მშვიდობისმყოფელები აზერბაიჯანში, სრულმაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების გარეშე“ - აცხადებს ბრაიზა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოინდომებს თუ არა რუსეზთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განლაგებას, ვაშინგტონში ეს პერსპექტივა აშფოთებთ. „გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარი, ჯონათან კაცი, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მარტივად პროგნოზირებადია.
„ყოველთვის, როცა საუბარია რუს მშვიდობისმყოფელებზე, როცა რუსეთი, ამ რეგიონში, მშვიდომისმყოფელების გაგზავნის ინიციატივით გამოდის, ეს მაწუხებს და მაღელვებს. თუ მექნებოდა განცდა, რომ რუსეთი გულწრფელი მომრიგებელია და ამ ისტორიული პრობლემის გადაჭრას ცდილობს, თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი. მაგრამ, როცა უყურებ აღმოსავლეთ უკრაინას, საქართველოს, რომელთა ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რთულია არ აღელდე. მოსკოვი არ არის საიმედო პარტნიორი, კონფლიქტების გადაწყვეტაში. ხშირ შემთხვევაში, კრემლი თავად ცდილობს მსგავსი კონფლიქტების წამოწყებას. შემდეგ ყინავს მას, არასტაბილურობის შესაქმნელად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად - იქნება ეს სამხრეთ კავკასიაში, თუ აღმოსავლეთ ევროპაში“ - აცხადებს კაცი.
ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის, ფიქრობს, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება, მაგრამ, მაგრამ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პროცესები ყველასთვის არასასურველი სცენარით წარიმართება და დაპირისპირება სრულომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზრდება. ამ პესიმისტურ დაშვებას, თორნიკე შარაშენიძე არ იზიარებს, თუმცა საუბრობს საფრთხეებზე, რაც მოვლენების მსგავსი განვითარებით, შესაძლოა საქართველოს წინაშე დადგეს.
„თავდაპირველად, ბუნებრივია ეს არის ტოლვილთა ნაკადი - აქამდე იმედია საქმე არ მივა. ასევე, არ არის გამორიცხული შეტევა მილსადენებზე, რომლებსაც ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ყველაზე უფრო კატასტროფული სცენარი, ბუნებრივია, ეს არის პირდაპირი კონფრონტაცია, პირდაპირი შანტაჟი რუსეთს მხრიდან , რომ გავუხსნათ მას ჰუმანიტარული და სამხედრო კორიდორი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა, არამედ ასევე იქნება ჩვენი მხრიდან იძულებითი, თუმცა მაინც ჩარევა კონფლიქტის რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ჩვენ 30 წელია ვახერხებთ იმას, რომ ვიყოთ ნეიტრალურები ამ კონფლიქტში. ეს ჩვენთვის მიღწევაა - ერთ-ერთი იშვიათი მიღწევა, სამწუხაროდ. თავისთავად ცხადია, რომ ახლა ვინმემ ამ კონფლიქტში ჩაგვითრიოს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ თავი შორს დავიჭიროთ ამ კონფლიქტისკან.“ - აცხადებს ამერიკის ხმასთან საუბრისას, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე.
ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - ძველი კონფლიქტი, ახალი გარემოებები - ინტერვიუ პოლ სტრონსკისთანსაერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი ამბობს, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საქართველოს მყარი ბერკეტები არ აქვს. განსხვავებით თავად რუსეთისგან, რომელიც ოკუპაციას ამ შემთხვევაშიც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. საქართველოს ერთადერთი რესურსი კი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა იქნება.
დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მოხლოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საერთაშორისო ფორმატებში ხვდებიან. პოზიციები, როგორც წესი პრინციპულია. საქართველო კი მხარეებს მოლაპარაკებებისთვის სივრცეს სთავაზობს და უკვე 30 წელია, ცდილობს კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს, როგორც ჩანს, წარმატებით.