ობამას განცხადებით, მას შეუძლია სირიაზე შეტევა კონგრესის მხარდაჭერის გარეშე განახორციელოს, თუმცა კონგრესის თანხმობაც სჭირდება
Your browser doesn’t support HTML5
კონგრესი სრული შემადგენლობით ვაშინგტონში 9 სექტემბერს შეიკრიბება. თუმცა რამდენიმე კანონმდებელი დღეს კაპიტოლიუმში დახურულ კარს მიღმა სირიაში ინტერვენციის საკითხზე ისაუბრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ კონგრესმენთა ერთ ნაწილს სჯერა, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ბაშარ ალ ასადის არმიამ გამოიყენა, დემოკრატი ჯანის ჰანი შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„ღირს ამის გამო ომის დაწყება? რა კონკრეტული მიზანი არსებობს იმისთვის, რომ ომში ჩავერთოთ? რაზე უნდა მივცეთ პრეზიდენტს თანხმობა?“
ჰანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ამ მიმართულებით მარტო არ უნდა იმოქმედოს:
„სად არის საერთაშორისო საზოგადოება. თუ მსგავს განუკითხაობასთან და უმსგავსობასთან გვაქვს საქმე?’’
რესპუბლიკელი კონგრესმენი სკოტ რიჯელი მიესალმება პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, სირიაზე სამხედრო შეტევის განსახორციელებლად კონგრესისგან თანხმობა მიიღოს. თუმცა როგორც თავად აცხადებს, კენჭისყრაზე ამ საკითხს ხმას არ მისცემს:
„მე უარს ვაცხადებ, რადგან ჩემთვის ბუნდოვანია ეს გადაწყვეტილება და გაუგებარია მისიის დანიშნულებაც.“
დემოკრატი სენდი ლევინი სირიაში ინტერვენციას მხარს უჭერს:
„ჩემი აზრით, კონგრესმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს.“
შაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კონგრესის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია სირიაზე დარტყმა განახორციელოს. თუმცა იქვე დასძინა, რომ რომ მას კონგრესის თანხმობაც ჭირდება.
სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რამდენიმე სატელევიზიო არხზე პირადად გააჟღერა ადმინისტრაციის შეხედულება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ბოლო რამდენიმე კვირაა სირიის დედაქალაქში ვითარდება:
„კერძო პირების მიერ ჩვენთვის მოწოდებული თმისა და სისხლის ანალიზით დამტკიცდა, რომ დამასკოში ზარინი ანუ მომაკვდინებელი აირი გამოიყენეს.“
ფოქსის საინფორმაციო არხზე ჯონ კერიმ დაიცვა პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება, კონგრესისგან სირიაზე სამხედრო შეტევასთან დაკავშირებით თანხმობა მიიღოს:
„ჩვენ არაფერს ვკარგავთ, პირიქით მოგებული ვრჩებით და კონგრესისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამშრომლობის მაგალითს ვაჩვენებთ.“
სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, "შეერთებული შტატების უმოქმედობა დაუსჯელობის გრძნობას გაუჩენს დაუნდობელ დიქტატორს, საკუთარი ხალხი გაზით მომავალშიც დაწამლოს.“