ამერიკელი კანონმდებლები ფედერალური მთავრობის ვალის ზედა ზღვრის გაზრდაზე უნდა შეთანხმდნენ და ეს ერთ კვირიანი არდადეგების დაწყებამდე უნდა შეძლონ
Your browser doesn’t support HTML5
“ეს მოსალაპარაკებელი საკითხი არ არის. ამაზე ამერიკის კრედიტუნარიანობა და მის მიმართ ნდობაა დამოკიდებული.”
რესპუბლიკელები ფიქრობენ გამოაბან თუ არა ვალის გაზრდას დამატებითი პირობები. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი ამბობს:
“ჩვენ ჯერ ისევ ვეძებთ რებუსის ნაწილებს. ის ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ არ გვსურს ამერიკამ ვალის გადახდა ვეღარ შეძლოს და ამას არ ვაპირებთ.”
დემოკრატი სენატორი პეტი მურეი ამბობს, რომ რესპუბლიკელები ამერიკის ეკონომიკის მყიფე წინსვლას საფრთხეში აგდებენ:
“ისინი ჩვენს საკრედიტო რეიტინგს კიდევ ერთხელ უქმნიან სერიოზულ რისკს. მოვიდა დრო წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ამ გაუგებარი სიტუაციიდან გამოსასვლელი გზა იპოვონ.”
ამერიკის ხაზინის მდივანი ჯეკ ლუ ამბობს, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს:
“რაც უფრო მეტ ხანს ვიცდით, მით უფრო იზრდება რისკი. ეს კი ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, სოციალური დაზღვევის გადასახადებისა და ჯარისკაცების ხელფასების დარიგებას უქმნის საფრთხეს.”
ჩინეთი და რამდენიმე სხვა კრედიტორი ქვეყანა ამერიკის ვალის დიდ ნაწილს ფლობს. ამის გამო, ვალის ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაყოვნება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობას იწვევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი გერი რაისი ამბობს:
“ამერიკის ეკონომიკაში რამდენიმე დადებითი პროცესი მიმდინარეობს. ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა მცირდება, კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა. ამერიკის ეკონომიკას არ სჭირდება შოკი, რომელსაც მის მიმართ ნდობის შერყევა გამოიწვევს. საუბრის იმაზე დაწყება, შეძლებს თუ არა ამერიკა საკუთარი ვალის გადახდას არანაირად არ არის საჭირო.”
ამერიკის ეროვნული ვალი 17 ტრილიონ დოლარს აღემატება. ვალის აღების ტემპი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შენელდა. თუმცა, ვიდრე ამერიკა ვალის აღებას არ შეწყვეტს, კონგრესს ზედა ზღვრის გაზრდა ყოველ წელს მოუწევს. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ეს პროცესი არაერთხელ განხორციელებულა, ზოგიერთ შემთხვევაში ის ავტომატური გაგრძელება ყოფილა, ზოგჯერ კი პოლიტიკური დავის მწვავე თემად გადაქცეულა.