შვებულებიდან დაბრუნებულ კონგრესს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა მოუწევს

ორკვირიანი შვებულების შემდეგ, კანონმდებლები ვაშინგტონში ბრუნდებიან. მათ წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე ელით, რომელთა დასრულებისთვის არც ისე დიდი დრო რჩებათ.

კონგრესმა, რესპუბლიკელთა უმრავლესობით, 2017 წელი საგადასახადო რეფორმით დაასრულა, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს თავიდანვე პირდებოდა. „ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებას ვუბრუნებთ. ამის შესახებ არაფერი გსმენიათ?“ - იხუმრა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც სასურველ ცვლილებას მიაღწია და სერიოზული გამარჯვება მოიპოვა.

ახლა, 2018 წლის დასაწყისში, რომელიც შუალედური არჩევნების წელია, კანონმდებლებს კალენდარში კიდევ ერთი თარიღი აქვთ მონიშნული. ესაა 19 იანვარი, ბოლო ვადა იმისთვის, რომ მთავრობის ნაწილობრივი დახურვის თავიდან ასაცილებლად, მისი დაფინანსების გახანგრძლივების საკითხი გადაწყდეს.

რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, სენატორმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ ისინი მზად არიან „ოპონენტ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის, რათა კრიტიკული სამსახურების დაფინანსებაში წყვეტა არ მოხდეს“.

გასულ წელს, საგადასახადო რეფორმისთვის ბრძოლამ, სხვა საკითხები გვერდზე გასწია, მათ შორის ბევრი ისეთიც იყო, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. ასეთი იყო მაგალითად, სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის დაფინანსება.

სენატორმა მარკო რუბიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა ამ საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა. „ვიტყოდი, რომ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ წლის ბოლოს ამ საკითხს ისე ვტოვებთ, რომ სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის თაობაზე კანონპროექტის მიღება ვერ შევძელით. ვიცი, რომ ფლორიდის და ტეხასის მოსახლეობას, დასავლეთის რეგიონს და პუერტო-რიკოს, ასეთი კანონი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა“. სენატორმა რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე განიხილავენ.

ამასთან ერთად, კონგრესს სამი თვე რჩება იმისთვის, რომ იმ ასობით ათასი, დოკუმენტების არმქონე იმიგრანტის საკითხი გადაჭრას, რომლებიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოიყვანეს. პრეზიდენტმა ტრამპმა შეწყვიტა პროგრამა, რომელიც მათ დეპორტაციისგან იცავდა, მაგრამ საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტისთვის კონგრესს ვადა მარტის თვემდე მისცა.

„ეს გაურკვევლობა განუზომლად რთულია. საუბარია ხალხზე, რომელსაც ჩვენმა მთავრობამ უთხრა, რომ მათ ქვეყანაში დარჩენა შეეძლოთ. ისინი ხელისუფლებასთან დარეგისტრირდნენ და ახლა ყოველი დღის მოახლოებასთან ერთად, საკუთრ სტატუსს კარგავენ“ - ამბობს დემოკრატი სენატორი ემი კობუშარი.

ვაშინგტონის ყურადღებას გლობალური დაძაბულობის კერებიც ითხოვს. გადამდგარმა ადმირალმა, გაერთიანებული შტაბების ყოფილმა უფროსმა მაიკ მალენმა განაცხადა რომ, მისი აზრით, ამერიკა ჩრდილოეთ კორეასთან და რეგიონში ბირთვულ ომთან ბევრად უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. „დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის საშუალებას ვერ ვხედავ“ - აცხადებს ადმირალი მალენი.

ახალი წლის პერიოდი, როგორც ყოველთვის, ვაშინგტონში ორპარტიული თანამშრომლობის და კორექტულობისკენ მოწოდებებით არის სავსე.

სენატორმა ჯეფ ფლეიკმა კოლეგებს მოუწოდა, ერთმანეთისადმი უპატივცემულო გამოთქმებისგან თავი შეიკავონ და უფრო მოზომილი იყონ. „ქვეყანა გვიყურებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ყველა, დავძლევთ ცდუნებას და ჩვენი გამოსვლები გაცილებით უფრო ზომიერი იქნება“ - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა.

მოზომილი ტონის შერჩევა კი ალბათ, გაცილებით ძნელი გახდება მაშინ, როცა ნოემბრის შუალედური არჩევნები მოახლოვდება. დაახლოებით 10 თვეში სენატის ერთი მესამედის და წარმომადგენელთა მთელი პალატის ბედი გადაწყდება.