აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ანგარიში

კონგრესში გაკეთებული მოხსენების მიხედვით, შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა, განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით ირანი სხვადასხვა სახის ბირთვულ პროექტებზე მუშაობს, რომელიც მათ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის პოზიციაში აყენებს. თუმცა ირანის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა მიიღოს.

მოხსენება კონგრესის სპეციალურ მოსმენებზე ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა დევიდ პეტრეუსმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რეჟიმის გადარჩენა ირანის ლიდერთა პრიორიტეტებს შორის უმთავრესია. ეს ფაქტორი კი მათ ყველა პოლიტიკურ გათვლაზე ახდენს გავლენას, მათ შორის შეიქმნას თუ არა ბირთვული იარაღი.

ბატონმა პეტრეუსმა აღნიშნა, რომ უკანასკნელმა მკაცრმა ზომებმა, მათ შორის ირანულ ენერგიაზე რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ირანულ ეკონომიკაზე ზემოქმედება დაიწყო:

პეტრეუსი„ირანული ფულის ერთეულის ღირებულება უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვნად დავარდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო კვირებში ირანის მოქალაქეები ცდილობენ ფული ბანკიდან გამოიტანონ და ისეთი ფორმით შეინახონ, რომელიც ინფლაციას უკეთ გაუძლებს. ზოგადი სიტუაცია უახლოეს კვირებში ბევრად უფრო გაუარესდება და ის ირანს იმაზე ძლიერად დაარტყამს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა“.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, რომ ამერიკა ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში ხელს შეუშლის. მაგრამ თუ ირანი შეიცვლის გეზს, დაივიწყებს ბირთვულ ამბიციებს და დაემორჩილება საერთაშორისო ვალდებულებებს-თეირანს საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ ერთერთ წევრად მიიღებს.