ამერიკის კონგრესმა პარასკევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაამტკიცა და მიაღწია ორ წლიან საბიუჯეტო შეთანხმებას. დემოკრატები იმედოვნებდნენ, რომ ისინი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს იმ 1.8 მილიონი არაკანონიერი იმიგრანტის საკითხს დაუკავშირებდნენ, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში არასრულწლოვნების ასაკში ჩამოიყვანეს (ე.წ. მეოცნებეები).
დაახლოებით 700,000-ს მეოცნებემ, მიუხედავად კანონიერი სტატუსისა, შესაძლოა მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებები დაკარგოს. დემოკრატები ცდილობდნენ „მეოცნებეთა“ საკითხი საბიუჯეტო შეთანხმებისთვის დაეკავშირებინათ. თუმცა, საიმიგრაციო რეფორმა ბიუჯეტის ამ პროექტში არ შევიდა და ამ ეტაპზე, ორივე პარტია მხოლოდ ორწლიან ხარჯვით ნაწილზე შეჩერდა.
“ეს კარგი შეთანხმებაა და სწორი სიგნალია იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ეს ორგანოა. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა ჩაკ შუმერმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებმა „მეოცნებეთა“ საკითხის გატანა ამჯერად ვერ შეძლეს, კანონპროექტი ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ იმიგრაციის რეფორმის თემაზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მიჩ მაკკონელმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა რომ კანონპროექტი სრულყოფილი არ არის. თუმცა, დასძინა, რომ "ეს ჩვენი საუკეთესო შანსია ავაღორძინოთ ჩვენი შეარაღებული ძალები და ისეთ საკითხებზე მივაღწიოთ პროგრესს, რომლებსაც ამერიკელ ხალხზე პირდაპირი გავლენა აქვს“.
მაკკონელი მის დემოკრატ კოლეგებს დაჰპირდა, რომ იმიგრაცია ის საკითხი იქნება, რომელზეც სენატი ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს.
დებატების ცენტრში იქნება ის საკითხები, რომლებიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოიწია წინ. ამაში შედის საზღვრის უსაფრთხოება, „მეოცნებებისთვის“ მოქალაქეობის მიცემის გზის განსაზღვრა და ასევე, ისეთ წინააღმდეგობრივი საკითხი, როგორიცაა მრავალფეროვნების ვიზა-ლატარეა (იგივე, მწვანე ბარათის ლატარეა) და ოჯახის გაერთიანების პროგრამები.
„ჩვენ მოველით, რომ კონგრესი მიიღებს გარკვეულ ზომებს პრეზიდენტის საიმიგრაციო რეფორმის გეგმაზე“, განაცხადა რაჯ შაჰმა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
თუმცა სენატის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს, სადაც დემოკრატები პრეზიდენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან. დემოკრატმა ლიდერმა და კონგრესის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ ოთხშაბათს, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე, პალატას რვა საათანი სიტყვით მიმართა იმ იმედით, რომ სპიკერი პოლ რაიანი საიმიგრაციო კანონს განსახილველად გაიტანდა.
„მე ვიცი, რომ ორივე პარტიაში არსებობს რეალური სურვილი გადაწყდეს ემიგრაციის თემასთან დაკავშირებული გამოწვევები. ეს ის ვალდებულებაა, რასაც მეც ვიღებ საკუთარ თავზე. ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ისეთი გამოსავალი, რომელსაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს“, განაცხადა რაიანმა.
სპიკერის დაპირებაზე პელოსიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის.
საბიუჯეტო შეთანხმება, ამ ეტაპზე, მხოლოდ დროებითი ზავია. მომავალ კვირას კონგრესში საიმიგრაციო კანონმდებლობის გარშემო ბრძოლაგანახლდება.