ოსური პრეტენზიები და მზადება აღიარების იუბილისთვის ცხინვალში

წარწერა ცხინვალის ქუჩაში: "მადლობა დიად რუსეთს"

ნატოში გაწევრიანებას საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომელიც ამჟამად ალიანსის წევრი არაა, ექნება თავისი შედეგები – აცხადებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ის ასევე დასძენს, რომ ნატოს გაფართოვება გავლენას იქონიებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე. „ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდინავიურ გამოცემასთან, რომელმაც მკითხა, რატომ ვაცხადებთ გამუდმებით, რომ „გაფართოვებას ექნება შედეგი“, ასე ვუპასუხე: იმიტომ, რომ როდესაც ხდება ცვლილებები ერთ მხარეს, მისი შედეგები აისახება მეორე მხარესაც. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივი პროცესია და სწორედ ამის თაობაზე ვაცხადებთ ჩვენც.“

მარია ზახაროვასა და რუსეთის ფედერაციის შეშფოთებას ნატოს სამიტზე დაფიქსირებულ საქართველოს აუცილებელი გაწევრიანების შესახებ ინტენსიურად ეხმაურება დე–ფაქტო რესპუბლიკების ოფიციალური სტრუქტურები. ისინი ნატოსა და ეუთოს დეკლარაციებსა და რეზოლუციებს თვალთმაქცობის უსაზღვრო აქტებად მიიჩნევენ. ამასობაში კი მკვლელობის ფაქტები, რაც გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევებში დაფიქსირდა, რეაგირებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიღმა რჩება დე–ფაქტო ადმინისტრაციების მხრიდან.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე 100–ზე მეტი დაზიანებაა დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, იგორ კოჩიევი, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრებზე შეხვედრაზე აცხადებს, რომ ჟურნალისტები ამ ინციდენტს მკვლელობას არასწორად უწოდებენ, რადგან თავად გაეცნო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც დაფიქსირებული მკვლელობის ფაქტის თაობაზე არაფერია ნათქვამი.

ოსური მხარე ასევე აცხადებს, რომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების ფრაგმენტები ქართულ მხარეს გადაეცა და მათი ექსპერტიზა ჩატარდა, რითაც ასევე არ დადასტურებულა მკვლელობა. „შინაგანი ორგანოების ფრაგმენტები გადავეცით ქართულ მხარეს. გულის, ღვიძლის ფრაგმენტები, დიაფრაგმა, კიდევ რა შინაგან ორგანოებს ითხოვს ქართული მხარე, ჩემთვის გაურკვეველია. ქართული მხარის ექსპერტიზას არ გაუცია არც ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი. იმის მტკიცება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია, გადამეტებულია. ტატუნაშვილი მოკვდა და წამების კვალს რაც შეეხება, არც ერთ ექსპერტს, არც ქართულს და არც ოსურს, ამაზე პასუხი არ გაუცია,“– აცხადებს იგორ კოჩიევი.

ქართული მხარე კი კვლავ იმაზე საუბრობს, რომ შინაგანი ორგანოები მათ არ მიუღიათ, ხოლო ის ფრაგმენტები, რაც გადმოცემული იყო, სათანადო ექსპერტიზისთვის არასაკმარის ოდენობას წარმოადგენდა. სწორედ ის მომენტი, რომ ერთის მხრივ, შინაგანი ორგანოების ფრაგმენტები გადმოცემულია, მეორეს მხრივ კი ის იმდენად მცირე ოდენობითაა, რომ მათი ჯეროვანი შესწავლა შეუძლებელია, ქართულ მხარეს არასახარბიელო მდგომარეობაში ამყოფებს. შინაგანი ორგანოების სრულყოფილი ექსპერტიზა ვერ ხერხდება, პროცესი ჭიანურდება და ქართული მხარეს კვლავ ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა უწევს ერთსა და იმავე თემაზე.

ირაკლი ანთაძე შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ერგნეთში 10 ივლისს გამართული შეხვედრის შემდგომ ამბობს: „შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია, ამიტომ მას პრინციპულად ვაყენებთ ერგნეთის შეხვედრის დროს. ჩვენი მიზანია, ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას. ჩვენი ამოცანაა გამოვლინდნენ დამნაშავეები. მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ სრულყოფილად ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელია არსებობდეს ფრაგმენტები გარკვეული რაოდენობით, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ესაა ჩემი დასკვნა და ჩემი მოსაზრება ექსპერტიზის შინაარსიდან გამომდინარე. შემდგომი კომენტარი, უმჯობესია, გააკეთოს შესაბამისმა უწყებამ“.

რუსუდან ტატუნაშვილისთვის კი, არჩილ ტატუნაშვილის დედისთვის ყველაფერი ნათელია.

ოსური მხარე ქართულ მხარეს საჰაერო სივრცის უკანონო გადაკვეთაზე ედავება და საკთხის შესწავლას ითხოვს იმის თაობაზე, რომ ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთი იმის საილუსტრაციოდ, რამდენად დამანგრეველი და საფრთხის შემცველია მისთვის საქართველო, ფოტოგამოფენის დაორგანიზებას აანონსებს. მხოლოდ ფოტოგრაფები, „რასიისკაია გაზეტადან“, ვინც ფოტოების ავტორები უნდა იყონ, ახალ ფოტოებს გადაიღებენ. ზოგადად, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთი აღიარების 10 წლისთავისთვის მზადებას სერიოზულად უდგება. მარია კოტაევა ადმინისტრაციის ინფორმაციისა და პრესის საბჭოს წარმომადგენელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ აკეთებს განცხადებას და იქვე დასძენს, რომ მხოლოდ სანდო მედიის წარმომადგენლებს ეპატიჟება ცხინვალში.