კონფლიქტის ზონის პრობლემატიკა და კინეტიკურად საშიში ჭორები

შეხვედრა გორში

დღეს, გორში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ შერიგების, დევნილთა და განსახლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გაეროს ქალთა, და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მასშტაბურ ხასიათს ატარებდა, უამრავი საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა დაწყებული მიწის რეგისტრაციის პრობლემატიკიდან, რადგან მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გამარტივებული პროცედურის შეთავაზებისა, ეს საკითხი კონფლიქტის ზონაში კვლავაც ვერ გადაიჭრა, დასრულებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე გატანილი თუ გასატანი საკითხებით.

მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან დაისვა კონფლიქტის ზონის სოფელ ქორდიდან გაუჩინარებული ნიკა საღინაშვილის შესახებ კითხვა, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კი გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ენგურის ხიდიდან გადმოსულ ადამიანებს საკვები პროდუქტების განბაჟებას სთხოვენ, რამაც უამრავი კითხვა დაბადა. ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი ამ საკითხის თაობაზე გახლავთ ის, რომ ამგვარი რამ შეუძლებელია და დამატებითი მტკიცებულებების ან მოწმეების შესახებ ცნობების წარდგენა სთხოვეს ინფორმაციის ავტორს.

ამერიკის ხმასთან საუბრისას ინფრასტურქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა და ამავდროულად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა ოთარ კონჯარიამ გალში სავაჭრო ცენტრის შესახებ ისაუბრა და ისიც განაცხადა, რომ სახელმწიფო მსგავსი პროექტის ცხინვალის ზონის მიმართულებით აღდგენაზეც ფიქრობს, დაახლოებით 2018–2019 წლებისთვის. „რუხის ბაზრობა დატვირთულია. ყოველ შაბათ–კვირას იქ ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს ძალიან კარგი მექანიზმია ჩართულობისთვის. ბუნებრივია, იქით მხარეს მცხოვრები ადამიანებიც გადმოდიან და ადგილზე იღებენ მომსახურებას. ვფიქრობთ მსგავსი ტიპის სავაჭროსერვის–ცენტრის ორგანიზებას ქართულ–ოსური კონფლიქტის მხარეს. ჩვენ ვმუშაობთ ლოკაციის შერჩევაზე. ვფიქრობ, 2018–2019 წლებში შესაძლებელი იქნება ამის განხორციელება.“

ნიქოზი კონფლიქტის ზონის სოფელია, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება. აქ 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში ადგილობრივი ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაზიანდა. ხელოვნურსაფარიანი და კეთილმოწყობილი საფეხბურთო სტადიონი, რომელიც სამი სოფლის საჭიროებას აკმაყოფილებდა საერთოდ გაიძარცვა და მას შემდეგ აღდგენა ვარ მოხერხდა.

კოოპერატივ „აგრონიქოზის“ წარმომადგენი მახო კობალაძე ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ 2008 წლის შემდგომ ყველა ხელისუფლებას მიმართეს ადგილობრივებმა სტადიონის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ საქმე არ დაძრულა. „სტადიონი საუკეთესო მდგომარეობაში იყო 2008 წლის აგვისტომდე, მაგრამ შემდგომ რუსის ქვედანაყოფების მიერ გაიძარცვა. კონკრეტულად სახელები და გვარები არ ვიცით, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ ვიცით, რომ მათი წაღებულია, თვითმხილველები არიან სოფელში, ვისაც ომის დროს და შემდგომ სახლი არ მიუტოვებია, ისინი. ომის შემდგომ სტადიონის აღდგენის მოთხოვნით მივმართეთ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ იყო და მას შემდეგ ყოველ ხელისუფლებას მივმართავთ, მაგრამ შედეგი ჯერ არ გვაქვს“.

ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივას“ წარმომადგენელმა კი შეხვედრაზე ისეთი ინფორმაცია გააჟღერა, რამაც ყველა გაურკვევლობაში დატოვა. ბადრი ციქუბაძემ დამსწრე საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა, შერიგების, ინფრასტრუქტურისა და დევნილთა სამინისტროებიდან მიმართა და ჰკითხა, იცოდნენ თუ არა იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონის სამ სოფელში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა ხელისუფლებამ სამი სოფელი რუსეთს გადასცა და მოსახლეობისგან მათ დაცლას მოითხოვენ. აი, რას ამბობს ბადრი ციქუბაძე ჩვენთან:

„დაახლოებით, კვირა–ნახევრის წინ დამირეკეს კნოლევიდან (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი, მდებარეობს ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში – ნ.დ.) და მითხრეს, რომ ავლევის თემის სამი სოფელი: ავლევი, ცერონისი და კნოლევი უნდა დაიცალოს მოსახლეობისგან. ადგილობრივებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა ეს ამბავი რეალობას. შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირის წინ დამირეკეს ცერონისიდან ანალოგიური ინფორმაციით და კვლავ მკითხეს, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ეს ამბავი, ასევე მთხოვეს მისი გადამოწმება. მე ინფორმაცია გადავამოწმე ძალოვან სტრუქტურებთან და მითხრეს, რომ ესაა ტყუილი და რეალობასთან არ აქვს კავშირი. თუმცა ფაქტია, რომ ეს ამბავი მოსახლეობაში ვრცელდება. ვინ ავრცელებს,ვერ გავარკვიეთ. რომ ეკითხები, ვინ გითხრა, საიდან გაიგე, ამბობენ, რომ „მისგან“, „მისგან“ და ასე დაუსრულებლად, პირველწყაროს ვერ მივაკვლიეთ. სოფლის დაცლის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტერიტორია გადასცა რუსეთს, ვითომ დათმო, რაც, ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამება“.

შეხვედრაზე იმის შესახებაც ითქვა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალებისთვის ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყველა ფაქტორი მათი დასაქმების წინააღმდგეგ მუშაობს. თუნდაც, ელემენტარულად, მათთვის პრობლემაა სამუშაოდ გორში ან სხვა ადმინისტრაციულ ცენტრებში გადაადგილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 5 საათამდე მუშაობს, რის გამოც, მათ სახლებში დაბრუნებაზე და შესაბამისად, დასაქმებაზე ხელი ეშლებათ და სხვა.

შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ყველა იმ პრობლემატური საკითხის განსახილად, რასაც კონფლქიტის ზონაში აქვს ადგილი.