გაუჩინარებული საკუთრება კონფლიქტის ზონაში

საქართველო ამჟამად ომის მდგომარეობაში არ იმყოფება. ამის მიუხედავად, ადამიანები უძრავ ქონებას ყოველდღიურად, სრულიად უკანონოდ კარგავენ და მის სანაცვლოდ არანაირ კომპენსაციას არ იღებენ. თუ თქვენ იცხოვრებდით მაგალითად, სოფელ ხურვალეთში, გუგუტიანთკარში ან ავლევში, თქვენი საკუთრება, რაც ასევე ათეული წლების განმავლობაში წარმოადგენდა თქვენი მშობლების საკუთრებას, შესაძლოა გამქრალიყო ისე, როგორც წყლის წვეთები მცხუნვარე მზეში. გაუჩინარებული საკუთრების თაობაზე პასუხი სახელმწიფოს არ აქვს მოქალაქეებისთვის, ვინც საკუთრებას კარგავს. ისინი არც კომპენსაციას იღებენ და ვერც სარჩელით მიმართავენ ვერც ერთ სასამართლოს დედამიწის ზურგზე, რათა აღსდგეს მათი კანონიერი უფლება საკუთრებაზე. საქართველოს ხელისუფლება განწირულია უძლურებისთვის, როდესაც რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკის წარმოებასთან გვაქვს საქმე. წლების განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეები კუთვნილი უძრავი ქონების გაუჩინარებას მდუმარედ ეგუებიან. დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ავლევი აღმოჩნდა რუსული ძალმომრეობის მსხვერპლი. აქ სპეციალური ბანერები აღიმართა რუსი მესაზღვრეების მიერ, რაც საქართველოსკონტროლირებად სივრცეს კიდევ უფრო ამცირებს. მიწის ნაკვეთები, მოქალაქეებს გუშინ რომ მფლობელობაში ჰქონდათ და ამუშავებდნენ, დღეს უკვე აღარ ეკუთვნით იმის მიუხედავად, რომ არც გაუყიდიათ და არც გაუჩუქებიათ. ისინი წაართვეს. აი, რას ამბობენ ადგილობრივები: „სამი დღის წინ ჩვენი იყო ეს ადგილები, ხალხი თოხნიდა, ბარავდა, დათესა დაამუშავა თავისი ნაკვეთი. დღეს „კამაზი“ გადმოვიდა, 7–8 ბიჭი მოჰყვა და დაიწყეს ორმოების ამოთხრა. ნათესებში გააკეთეს ტრაფარეტები. ვერავინ ვერ მიეკარება, როგორ მიეკარები, ამბობენ ჩვენია ეს ტერიტორიაო და რავიცი, მათია?“

რუსეთთან უერთიერთობის დარეგულირების მიზნით 2012 წლის არჩევნების შემდგომ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ სპეციალური ფორმატი შექმნა, შეარბილა რიტორიკა ოკუპანტთან მიმართებით, თუმცა ამ მცდელობების ფონზე, წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც კი არ არსებობს იმისა, რომ ვინმეს უკან დაებრუნებინოს უკანონოდ წართმეული უძრავი ქონება ან აეღოთ მავთულხლართი. უფრო მეტიც, რუსეთი პასუხი ადამიანთა მკველობაზე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდეგია: რუსეთს ამ ყველაფერთან შეხება არ აქვს.

პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „ამ არჩევნების წინ მოსალოდნელია ასეთი რამეების გამძაფრება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, საერთოდ, როგორ უპასუხებს ასეთ რამეებს საარჩევნო პერიოდში“.

საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბოს, ყოველთვის არსებობს. საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რაც ასევე გადაადგილების თავისუფლებისთვის მშვენიერ შესაძლებლობას აძლევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც. ქეთევან ციხელაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკთხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ამერიკის ხმასთან ამის თაობაზე განაცხადა: „იზოლაციის პირობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის მაცხოვრებლებისთვის, ქართული სამგზავრო დოკუმენტით, ფაქტობრივად, კარი იხსნება ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისთვის იქნება ეს, ბიზნეს, სამედიცინო,სამეცნიერო და ასე შემდეგ მიზნებით. ასე რომ, უვიზო რეჟმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებთან ისინიც ისარგებლებენ“.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა მედვედევი–სარკოზის სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთს უნდა დაებრუნებინა სამხედროები ომამდე არსებულ პოზიციებზე, ფედერაციას მისივე ხელმოწერილი ეს შეთანხმება დღემდე დარღვეული აქვს.