დღეს პოლიციამ გუგუტიანთკარში რუსი მესაზღვრეების ორდღიანი „მუშაობის“ შედეგის ნახვის ნებართვა გასცა. ჟურნალისტები, გარკვეული დროის განმავლობაში, სოფელში ქართული საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეუშვეს.
გუგუტიანთკარს ოკუპირებული და 2008 წელს გადამწვარი დისევი ემიჯნება. ქართული მოსახლეობა იქ აღარ ცხოვრობს და მეთორმეტე წელია, რაც ამ ადგილიდან მხოლოდ გადამწვარი სახლების შემზარავი პეიზაჟი იშლება. გასული წლის ზაფხულში, როდესაც რუსი მესაზღვრეები გუგუტიანთკარს კაპიტალური შეღობვისთვის მოადგნენ, მიწის დამატებითი ფართიც წაიღეს, არა მხოლოდ ის, რასაც მანამდე მიიჩნევდნენ თავისად. ზაფხულში ორმა ოჯახმა გუგუტიანთკარის ამ მონაკვეთში მდგარი სახლები საკუთარი ხელით დაშალა და რაც შეეძლოთ, ხელით გამოიტანეს. მაშინ ამ პროცესში რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებს თანასოფლელები ეხმარებოდნენ. ოკუპირებული აღმოჩნდა რამდენიმე მიწის ნაკვეთიც.
ქეთევან გუგუტიშვილის ოჯახი, მისი რამდენიმე თანასოფლელის მსგავსად, დევნილად მისსავე სოფელში იქცა. უზარმაზარი სახლი 2008 წლის ომის დროს გადაუწვეს, მაგრამ სოფლიდან წასვლაზე უარი თქვა და თავი ძველი საბავშვო ბაღის შენობას შეაფარა. იმ დროს სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარს, ომიდან 12 წლის შემდგომ, უკვე სახლად მიიჩნევს და მას რამდენიმე მასსავით შეხიზნულ ოჯახთან ერთად ინაწილებს. გუგუტიშვილები გასული წლის ზაფხულამდე დამწვარი სახლის ჩონჩხთან მისვლას ახერხებდნენ. ეგრეთწოდებული, მავთულხლართი სწორედ მათ კარ-მიდამოს შემოვლებულ ღობეს მიჰყვებოდა და მეზობლების ღობეებზე გრძელდებოდა. ზაფხულის შემდგომ ვითარება შეიცვალა. ოკუპანტებმა უფრო მეტი მიწის ნაკვეთი მიითვისეს და მუშაობის პროცესი დააპაუზეს.
Your browser doesn’t support HTML5
გუგუტიანთკარის შემდგომ, შარშანდელ ზაფხულს, ჩორჩანას თემა გააქტიურდა, სადაც ქართულმა პოლიციამ საგუშაგო განათავსა. რუსულმა მხარემ ეს ქართველების მხრიდან გადაჭარბებულ სითამამედ მიიჩნია და მას შემდგომ, თითქმის ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება იმისთვის, რომ ჩორჩანასთან საგუშაგო გაუქმდეს. ზეწოლის პროცესში ყოვლად არაჰუმანური მეთოდებია ჩართული, მათ შორის, ადამიანების ჯანმთელობითა და სიცოცხლით ვაჭრობა.
დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებთან შეხვედრისას ღიად ამბობდა, რომ ახალგორთან ჩაკეტილი გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება და თბილისთან მიმოსვლა აღდგება, თუ ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს ქართული მხარე.
თბილისში აცხადებენ, რომ რუსულ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. ამასობაში კი ოკუპაციის ახალი კერები სულ უფრო ხშირად ჩნდება. ჩორჩანასთან არსებული ტყის მასივი პერევის მიმართულებით ვრცელდება.
სწორედ ამ მონაკვეთზე, საჩხერესთან, ორი დღის წინ, ახალ ნიშნულებს მიაკვლია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია.“ ხეები ამ ადგილას წითელი საღებავითაა მონიშნული და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მალე ეს მონიშნული პერიმეტრი ახალ საოკუპაციო ხაზად იქცევა.
გუშინ, როდესაც საჩხერის მიმართულებით ახალი ნიშნულების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ერთადერთი, ვინც ამის შესახებ რეაგირება მოახდინა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი გახლდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ გვიან ღამით და ისიც წერილობით, დაინტერესებულ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უსაფრთხოების სამსახური მოკვლევის სამუშაოებს ახორციელებს:
„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი. საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით,“ იყო პასუხი უსაფრთხოების სამსახურიდან.
Your browser doesn’t support HTML5
შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ საჩხერხის მიმართულებით წითელი ნიშნულები 2016 წელს გაკეთებულად, თუ ეს ახალი მონიშვნებია? - კითხვა ღიაა და მასზე პასუხი ჯერ არ არსებობს.
ამ ეტაპზე ცხადია, რომ მონიშვნების გახმაურების ავტორებს: მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ და მისი ლიდერ დავით ქაცარავას წვდომა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ შეზღუდული აქვთ და ამ შეზღუდვების შენარჩუნებას პოლიცია უზრუნველყოფს. ისინი არც დღეს შეუშვიათ გუგუტიანთკარში.
მიუხედავად ოფიციალური სტრუქტურების დუმილისა, მაღალია საფრთხე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საჩხერე-პერევის მიმართულებით ახალი საოკუპაციო ხაზი ვიხილოთ. ამის თქმის საფუძველს წარსული გამოცდილება იძლევა. ანალოგიური ნიშნულები ჩორჩანას ტყის მასივში, სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს და მიმდებარე პერიმეტრზე, სადაც გასული წლის აგვისტოში ქართული საპოლიციო საგუშაგო განთავსდა, კვლავ „ძალა ერთობაშიამ“ აღმოაჩინა.
ფაქტის გახმაურების შემდგომ, ოფიციალური თბილისის რეაქცია, თავდაპირველად, უღიარებლობა იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ „ჩორჩანაში არაფერი ხდება.“ თავის მხრივ, არც ოსურმა მხარემ აღიარა მონიშვნების ავტორობა, თუმცა ქართული საგუშაგოს გახსნის შემდგომ, ცხადად აჩვენა, რომ ტერიტორიას „თავისად“ მიიჩნევს.
მას შემდგომ, რაც ოსურმა მხარემ ახალგორთან გამშვები პუნქტი ჩაკეტა და მოსახლეობის მძევლად აყვანა ჩორჩანას საგუშაგოსთან დააკავშირა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც საერთაშორისო უწყებაა რეგიონში ორივე მხარეს მონიტორინგის მისიით (ორივე მხარეს მონიტორინგს ითვალისწინებს 2008 წლის მედვედევი-სარკოზის სახელით ცნობილი შეთანხმება, თუმცა მისი იმპლემენტაცია იმ ფორმით არ ხორციელდება, რაზეც ხელია მოწერილი), განაცხადა, რომ საგუშაგო საქართველოს კონტროლირებულ სივრცეშია.
ამ განცხადების შემდგომ დაფიქსირდა ინციდენტი, რომლის დროსაც რუსმა მესაზღვრეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დააკავეს. ამგვარ ინციდენტს სხვა დროს ანალოგი არ ჰქონია. ამასთან, აღსანიშნია მოცემულობაც იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პატრულირებისას სპეციალურ ტანსაცმელს ატარებენ, რომელზეც მკვეთრი ფერებითაა დატანილი ორგანიზაციის ლოგო და ამდენად, მისიის თანამშრომლების ამოცნობის პრობლემა არ არსებობს. ეს ფაქტი ცხადად მეტყველებს რუსული მხარის გაღიზიანების ხარისხზე ჩორჩანასთან ქართული საგუშაოს გახსნის გამო.
დღეს დღის წესრიგში კვლავ გუგუტიანთკარი და კიდევ უფრო მეტად გაფართოებული ოკუპაციაა. თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მითვისების შესახებ, საჩხერის მიმართულების გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მხარესაც, რაც ახალგორის სიახლოვეს მდებარეობს.