საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა შეიძლება აიკრძალოს

აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან, როგორც ქართველი კომუნისტები, ისე ისტორიკოსთა ნაწილი

საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა შეიძლება აიკრძალოს და მისი გამოყენება დასჯადი გახდეს. ეს საკანონდებლო ინიციატივა, ფორმალურად ოპოზიციონერ დეპუტატ გია თორთლაძეს ეკუთვნის, თუმცა მას საპარლამენტო უმრავლესობა აქტიურად უჭერს მხარს.

ინიციატივის განხილვა პარლამენტში ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება. საუბარია საჯარო ადგილებში საბჭოთა კავშირის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროინდელი დროშების, გერბების, ჰიმნების, მედლების, წითელი ვარსკვლავის, ნამგალის და უროს, საბჭოთა არმიისა და მილიციის ფორმების, საბჭოთა ლიდერების სურათების და ბიუსტების, და, ყველა სხვა ატრიბუტიკის გამოყენებაზე, რომელიც კომუნიზმთან ასოცირდება.

დეპუტატი გია თორთლაძე საუბრობს მიზეზებზე, რის გამოც პარლამენტმა საბჭოთა სიმბოლიკა უნდა აკრძალოს.

“არანაირი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის საბჭოთა სიმბოლიკა, არასდროს, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ერთი მიზეზი ეს გახლავთ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ უკვე უამრავმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირმა, პრაქტიკულად მთელმა ევროპამ თითქმის, შეიძლება ითქვას, უარი განაცხადეს საბჭოთა და ფაშისტურ სომბოლიკაზე, ანუ ისინი გაუთანაბრეს ერთმანეთს.

აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკა ისევე, როგორც ფაშისტური სიმბოლიკა. აქედან, გამოდინარე კანონპროექტები, რასაც ჩვენ ვღებულობთ, სასურველია, რომ ევროსტანდარტებთან მაქსიმალურად მისადაგებული იყოს.“

პირველები, ვინც ახალმა საპარლამენტო ინიციატივამ აღაშფოთა ქართველი კომუნისტები არიან. „ერთიანი კომუნისტრი პარტია“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, რომელიც დღემდე საბჭოთა სიმბოლიკას იყენებს.

ის სამართალმემკვიდრეა საქართველოს კომუნისტური პარტიის, რომელიც 1921 წლიდან 1990 წლამდე მმართველი პარტია იყო და 1991 წელს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ აკრძალა.

ქართველი კომუნისტები დიდი ხანია უმცირეს მარგინალურ ჯგუფად იქცნენ, განსაკუთრებით პარტიის ბოლო თვალსაჩინო ლიდერის პანტელეიმონ გიორგაძის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ერთიანი კომუნისტური პარტიის მდივანმა სოსო გაგოშვილმა „ამერიკის ხმას“ უთხრა

„ეს არის ჩვენი დროშა, საბჭოთა საქართველოს დროშა, რომლის ქვეშაც ქართველმა ერმა 70 წელი იცხოვრა. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 600 ათასი, 70 წელიწადში ხუთ მილიონ ნახევარი გახდა ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამ ნამგალ-უროიანი წითელი დროშის ქვეშ.

ჩემთვის და ოთხმოცი პროცენტი მშრომელი ხალხისთვის არის მისაღები ეს დროშა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ყრილობა ჩავატარეთ, მოდიოდნენ მშრომელი ხალხი ღია და საბჭოთა საქართველოს წითელ დროშას კოცნიდნენ და ტიროდნენ! ენატრებოდათ კაცო! ჩვენ მივდივართ საბჭოთა კავშირისკენ ვერ ხედავთ! ოთხმოც პროცენტს საქართველოში ნოსტალგია აქვს საბჭოთა ხელისუფლების!“

ახალ ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით არც ტურისტულ და მომსახურების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები შეხვდნენ, რომლებიც საბჭოთა სიმბოლიკას ბიზნესის კუთხით იყენებენ.

მათ შორისაა, „კალა ჯგუფი“, რომელიც შარდენზე, თბილისში პოპულარულ ბარს КГБ-ს ფლობს. ეს ბარი მეოთხე წელია სწორედ მრავალრიცხოვანი საბჭოთა ატრიბუტიკით გაჯერებული დიზაინით იზიდავს ადგილობრივ და განსაკუთრებით, უცხოელ კლიენტებს.

უცხოელებში ასევე ძალიან პოპულარულია ქართული ღვინო „სტალინი“. არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთ დამფუძნებელი, ისტორიკოსი გიორგი კლდიაშვილი ამბობს

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის შესაძლებლობა. თუ მას მოსწონს ბარი, რომელსაც ერქმევა „კა-გე-ბე“ არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა. რატომ უნდა აიკრძალოს ეს უბრალოდ არ მესმის.

ჩვენ ვამბობთ უარს ყოველივე იმაზე, რისი მოწმეებიც და რისი მნახველიც იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მთელი თაობები. ამის დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ მთავარია გავემიჯნოთ ამას.

„კა-გე-ბეს“ ბარის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალ კგბ-ეს ვხსნით საქართველოში. ეს არის ისტორიული წარსული, რომელიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ, რათა მომავალში, არ შევქმნათ კა-გე-ბეები, სტალინები და ბერიები.“

ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, პირველმა საბჭოთა სიმბოლიკა უნგრეთმა აკრძალა, ეს 1989 წელს მოხდა. 2005 წელს ბუდაპეშტში კომუნისტ ატილა ვანჟაის ერთწლიანი პატიმრობაც კი მიუსაჯეს, იმის გამო, რომ საჯარო ადგილას საბჭოთა წითელი ვარსკვლავით გამოჩნდა.

მოგვიანებით, მსგავსი კანონი მიიღეს ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში და პოლონეთში, თუმცა ბოლო ორ ქვეყანაში შესაძლებელია საბჭოთა ატრიბუტიკის შეძენა და შენახვა კოლექციონერობის მიზნით.

პუტინის რუსეთი მსგავსი კანონის მიღებაზე ყოველთვის უმწვავესად რეაგირებს. რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ანდრეი კლიმოვმა კერძოდ თქვა

„ეს არის ისტორიის გადახედვის მცდელობა. ეს არის ჩვენი აზრით, ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ცხოვრების ელემენტად ითვლება. მაგალითად, აიკრძალა კომუნისტური სიმბოლიკა ლიტვაში, მაშინ, როცა კვიპროსის პრეზიდენტი კომუნისტია. აი, ეს ყველაფერი ევროკავშირს შიგნით როგორ გამოიყურება?!“

საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს სანქციების და ჯარიმების ოდენობის განსაზღვრაც მოუწევს, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება.

ყველაზე მკაცრი ევროპაში ამ მხრივ ესტონეთის კანონმდებლობაა, იქ საბჭოთა ატრიბუტიკის გამოყენებისთვის იურიდიული პირი ოთხი ათასი ამერიკული დოლარით ჯარიმდება, დანაშაულის განმეროების შემთხვევაში კი ფიზიკურ პირს შეიძლება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი განესაზღვროს.