საქართველოში ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურებიან

ევროკავშირის განცხადებას საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან. ელჩის თქმით, ამ წერილის ხელმომწერები ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გამორჩეული როლი აკისრიათ.

„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული, ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ასევე ნახეთ: კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა

განცხადებები ევროპარლამენტარების წერილზე, მთავრობის გუნდშიც გააკეთეს. გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს მხოლოდ 7 პარლამენტარის განცხადებაა და არ წარმოადგენს სრულად ევროკავშირის პოზიციას.

"რასაკვირველია, ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ყველა პუნქტზე მზად ვიყავით რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია.

რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს. არამგონია, რომ 7 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იგივე ხრიკები არ გაუვა, რითაც ფონს გასვლას შინ ცდილობს, -ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპარლამენტარების განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

ასევე ნახეთ: სენატორები შაჰინი და რიში: პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება მოლაპარაკებებს დაეხმარება

გრიგოლ გეგელიამ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებაც გააკრიტიკა და ურჩია, „არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს“.

“ვოლსკის თურმე არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს. სამარცხვინო და კატასტროფულია, როდესაც 2021 წელს პარლამენტარად წოდებულმა ადამიანმა იმდენიც კი არ იცის, რომ ევროპარლამენტარები ცალობით არ ითვლება. პირველ რიგში, ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას - EPP, S&D, Renew Europe, Greens. შესაბამისად, მათი ნება საქართველოს საკითხზე სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას ასახავს.

მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე. და ბოლოს, ზუსტად ეს ჯგუფი წარმოადგენს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგებსა და მეგობრებს ბრიუსელში. თითებზე თვლას და თავის დამშვიდებას, ვოლსკის ურჩევნია შეიგნოს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შვიდი ადამიანის გარდა, "ქართული ოცნება" იღებს იგივე გზავნილს ვაშინგტონიდან, ევროპული საბჭოდან, ევროპული კომისიიდან.

გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ინტელექტი და ფანტაზია ვერასდროს ვერ სცდებოდა სკამების ცალობით თვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას, რამაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა”, - განაცხადა გეგელიამ.