პრეზიდენტის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაყენებული დირექტორი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მისგან ერთგულების პირობას და რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შეწყვეტას ითხოვდა. ჯეიმს კომი დღეს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარდგა და ეს განცხადება სწორედ ამერიკელი კანონმდებლების დასმულ შეკითხვებზე პასუხად გააკეთა.
კომიმ გათავისუფლების შემდეგ დღეს პირველად ილაპარაკა საჯაროდ იმ 9 შემთხვევის შესახებ, როდესაც ის გადაყენებამდე პრეზიდენტს ესაუბრა. მათ შორის 3 პირისპირ შეხვედრა და 6 სატელეფონო საუბარი იყო.
კომიმ აშშ-ის სენატში კანონმდებლებს უთხრა, რომ მან ტრამპისა და მისი უახლოესი წრისგან განსხვავებული პასუხები მიიღო მისი გათავისუფლების მიზეზის შესახებ. საბოლოოდ კი „მათ ცილისწამების გზა აირჩიეს“ და თქვეს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროში წესრიგი იყო დასამყარებელი.
კომიმ ასევე ისაუბრა იანვარში პრეზიდენტთან გამართული სადილის შესახებ და თქვა, რომ პრეზიდენტმა მისგან პირადად მის მიმართ ერთგულება მოითხოვა. კომიმ ასევე თქვა, რომ მოგვიანებით, კონკრეტულად კი 14 თებერვალს დონალდ ტრამპმა მას უთხრა უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის რუსეთის მთავრობასთან კავშირების შესახებ გამოძიებისთვის თავი დაენებებინა. შემდეგ კი, 30 მარტს სატელეფონო საუბრისას, კომის თქმით, პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ეს გამოძიება მის რეპუტაციას ჩრდილს აყენებდა და თითქოს მას ქვეყნის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია აკლდებოდა.