ნეით შენქენი: საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პროგრესს ხელი შეუწყო

ნეით შენქენი

ჰარიმანის ინსტიტუტში ნეიტ შენქენი მოხსენება მოისმინეს, რომელიც კვლევითი ინსტიტუტში ”ფრიდომ ჰაუსი" პოსტ საბჭოთა ქვეყნებზე და სხვა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებზე მუშაობს. მასთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჰუმან რაითს ვოჩის" ხელმძღვანელმა რეიჩელ დენბერმაც ისაუბრა. ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კოლუმბიის უნივერსიტეტში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამ მიმართულებით გაწეული მუშაობა შეაჯამეს.

ნეიტ შენქენი აცხადებს რომ ცალკეული გეგმების განხორციელების დროს, ახალ დემოკრატიულ ქვეყნებში, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, შედეგებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინი არსებობდა.

"საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში იმ პერიოდის რომანტიულ იმიჯს წარმოადგენდნენ, მაგალითისთვის სახაროვი რომ გავიხსენოთ. მათ საბჭოთა იმპერიისთვის წინაააღმდეგობის გაწევა მნიშვნელოვნად შეძლეს. საბოლოოდ საბჭოთა იმპერია სწორედ ადამიანის უფლებების დაუცველობის საკითხების გამო დაინგრა. რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჰელსინკის კავშირმა. უკვე გარდამავალი პერიოდის დროს წარმოიშვა ოპოზიციური პარტიები, ეროვნული მოძრაობები, რომლებმაც დაიწყებს დემოკრატიაზე მსჯელობა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტზე. ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ დაიწყეს საუბარი ხელისუფლებაშიც, რამაც ასახვა ჰპოვა ქვეყნების კონსტიტუციებში და სამართალში. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები უფრო სოციალური პრობლემა იყო ვიდრე მორალური. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პროგრესს ხელი შეუწყო საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებამ, კონტროლის მექანიზმმა და სანქციებმა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოლოდინი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო", - აღნიშნა მან.

"ჰუმან რაითს ვოჩის " წარმომადგენელი რეიჩელ დენბერი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებულმა გარემომ ერთმანეთთან დააკავშირა ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომელთაც გამართულ მუშაობას და ფუნქცინირებას ხელს ერთი მთავარი ფაქტორი უშლიდა.

"ერთი შეხედვით უცნაურია როგორ მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რელიგიური, ეროვნული, ადამიანის უფლებათა დაცვის და სხვა აქტივისტების ერთად შერწყმა და გაერთიანება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების გარშემო. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემო, რაშიც უწევდათ მოღვაწეობა. ისინი ერთნაირად იტანჯებოდნენ იმ გარემოში, რაც იყო მაშინ და ჩვენი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების დროებითი სანქციების დახმარებით ადამიანთა ჯგუფები თავისუფლად განვითარებას და პოლიტიკური დემოკრატიის უფლების გამოყენებას სწავლობდნენ", - განაცხადა მან.

გააქტიურდება თუ შესუსტდება ამერიკული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მუშაობა საბჭოეთის ყოფილ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რუსეთში შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების პირობებში. ნეიტ შენქენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება მისთვის დიდი შოკი იყო.

"ვფიქრობ ჩემსავით ბევრი ფიქრობს, თუ როგორ გაგრძელდება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ზრუნვა არამარტო ამერიკაში არამედ მთელს მსოფლიოში. მით უფრო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თემა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროა უკვე ორმოცი წელია. თავისთავად, ეს ფაქტი უკვე მიუთითებს იმაზე, თუ როგორი პრიორიტეტულია ჩვენთვის ამ მხრივ აქტიურობა. შეერთებულმა შტატებმა ამ მიმართულებით დიდი საფასური გაიღო და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება კარგიდან უარესისკენ შებრუნება. შეერთებული შტატები მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მონოპოლისტია. იმედი მაქვს, ეს პოზიცია ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შენარჩუნდება", - აღნიშნა შენქენმა.