მოსკოვის სტრასბურგში დაბრუნება: მარცხი თუ შეცდომა?

„შეცდომა“ - ასე აფასებენ შერთებულ შტატებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწვეტილებას, რომლის თანახმადაც, საბჭომ რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება აღუდგა. რეზოლუციას მხარი 118 დეპუტატმა დაუჭირა, 62-მა კი წინააღდეგ მისცა ხმა.

მიმომხილველები ამბობენ, რომ ეს საბჭოს მიერ იმ პრინციპების დარღვევა, რომლებსაც ის ეფუძნება.

„ვფიქრობ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეცდომა დაუშვა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, რუსეთს საერთოდ არ გაუთვალისწინებია ასამბლეის რეზოლუციები. ის თავს დაესხა ქვეყანას, რომელიც ასევე ასამბლეის წევრია, არაკანონიერად მოახდინა ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აგრძელებს“, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პაიფერი.

სტივენ პაიფერი

გადაწვეტილება ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად განაპირობებს ის სხვა ორგანიზაციების, მათ შორის, ევროკავშირის მიერ ამ ნაბიჯის გამეორებას.

სტივენ პაიფერი ვეტერანი დიპლომატი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის საკითხებზე 25 წელზე მეტი მუშაობდა, იმედოვნებს, რომ ბრიუსელი რუსეთთან მსგავს დათმობებზე არ წავა.

„გასულ კვირას მე ვიყავი ბერლინში, სადაც გერმანიის მაღალჩინოსნებს შეხვდი. ისინი ინარჩუნებენ პოზიციას, რომ სანამ ევროკავშირი რუსეთის სანქციების გაუქმების გადაწვეტილებას მიიღებს, მოსკოვმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს“, - თქვა პაიფერმა.

უკრაინასთან ერთად, პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ექვსმა ქვეყანამ - საქართველომ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დატოვა. უკრაინის დელეგაციამ მომხდარი შეაფასა, როგორც „მორალური კაპიტულაცია“.

მაიკ კარპენტერი, ბაიდენის ცენტრის დირექტორი, პარალელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან ავლებს და ამბობს, რომ სწორედ რუსეთთან დიალოგის განახლებამ და იმან, რომ მოსკოვს საქართველოში შეჭრა ძვირი არ დაუჯდა, განაპირობა პუტინის მიერ 2014 წელს უფრო აგრესიული ნაბიჯი და ყირიმის ანექსია. ის ევროპის წამყვან ქვეყნებს მოუწოდებს, არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები.

მაიკლ კარპენტერი

რუსეთის დაშვება ევროსაბჭოში, დასავლეთის ლიდერების უდიდესი სტრატეგიული მარცხია
მაიკლ კარპენტერი​

„რუსეთის დაშვება ევროსაბჭოში, დასავლეთის ლიდერების უდიდესი სტრატეგიული მარცხია... ისინი იმედოვნებენ, რომ დიალოგში ჩართვით დაპირისპირება დასრულდება და სიტუაცია თავად მოგვარდება... სამწუხაროდ, ეს ძალზედ წინდაუხედავი გათვლაა. კრემლის ეს ხელისუფლება ძალზედ აგრესიული, ნეო-იმპერიალისტური შეხედულებებით გამოირჩევა. ის აგრძელებს საკუთარი ინტერესის გატარებას დასავლური დემოკრატიების ძირის გამოთხრის კვალდაკვალ... დასავლეთმა, მათ შორის, ჩემმა ქვეყანამაც, შეერთებულმა შტატებმა, 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, არ მიიღო არანაირი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, რომ მას ეს ძვირი დასჯდომოდა. ამის ბუნებრივი შედეგი იყო, რომ პუტინი გათამამდა 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში. შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში ეცადა არჩევნების და რეფერენდუმების ძირის გამოთხრას. თუ [რუსეთი] საფასურს არ გადაიხდის, მას ვერავინ დააჯერებს, რომ არჩეული კურსი არ მუშაობს", - აცხადებს ის.

დასავლეთმა, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, შეერთებულმა შტატებმა, 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, არ მიიღო არანაირი ზომა რუსეთის წინააღმდეგ, რომ მას ეს ძვირი დასჯდომოდა.
მაიკლ კარპენტერი​

კარპენტერი ამბობს, რომ ევროსაბჭოს გადაწვეტილება არა მარტო დასავლური ბიზნესების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობის სურვილით აიხსნება, არამედ დედაქალაქებში სტრატეგიული რეალობის განსხვავებული ხედვით, რომელსაც ის აფასებს, როგორც მცდარს.

„ნათელია, რომ არიან ევროკავშირის ისეთი წევრებიც, რომლებიც ისურვებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას, როგორიცაა იტალია, ავსტრია, უნგრეთი და სხვები... ამ ქვეყნებში, ბიზნესები ლობირებენ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებას, რადგან მათ რუსეთში ფულის შოვნა სურთ ან მათზე ზეწოლას რუსული კომპანიები ახდენენ... მიაღწევენ თუ არა ამას, ეს საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ქვეყნების მთავრობებზეა დამოკიდებული. რამდენად მოახერხებენ ისინი მათ შეკავებას? სწორედ ამიტომაა ევროსაბჭოს ეს გადაწვეტილება ძალიან ცუდი. რადგან ეს აჩვენებს, რომ ეს ლიდერები ვერ ხედავენ სტრატეგიულ რეალობას ისე, როგორც ჩვენ დანარჩენები აღვიქვამთ მას“, - თქვა კარპენტერმა.

ეს აჩვენებს, რომ ევროპის ლიდერები ვერ ხედავენ სტრატეგიულ რეალობას ისე, როგორც ჩვენ დანარჩენები აღვიქვამთ მას.
მაიკლ კარპენტერი​

რუსეთმა ასამბლეას ბოიკოტი 2016 წელს გამოუცხადა. მოსკოვი, 2017 წლის შემდეგ უარს აცხადებდა ყოველწლიური შენატანის, 33 მილიონის გადახდაზე, რაც ევროსაბჭოს ბიუჯეტის 7 პროცენტს უდრის. ამასთან მოსკოვი ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრებოდა. გადაწვეტილების მომხრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვს აიძულებს დარჩეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ნაწილად და მისცემს საშუალებას რუსეთის მოქალაქეებს გაასაჩივრონ რუსული სასამართლოს გადაწვეტილებები სტრასბურგში.

“ერთ ჯგუფს რუსეთის მიმართ სიმპატიები ამოძრავებს. მას რუსეთის დაბრუნება სურს. მეორე ჯგუფს რუსეთის ქმედებები არ მოწონს, თუმცა შიშობენ, რომ თუ რუსეთი არ იქნება ასამბლეის წევრი, გარკვეული მექანიზმები ადამიანის უფლებების კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებების სასამართლო, არ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთის მოქალაქეებისთვის“ - ამბობს სტივენ პაიფერი.

მოსკოვს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდგომ შეუჩერეს, რის შემდეგაც, რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები და მოთხოვნები არ შეუსრულებია. თუმცა მიუხედავად ამისა, დელეგაციის დაბრუნებას მხარი საფრანგეთის და გერმანიის მხარეებმაც დაუჭირეს. კრემლმა გადაწვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ეს „იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების კუთხით. რეზოლუციის მოწინააღმდეგე დეპუტატების ნაწილმა ვენეციის კომისიას საჩივრით მიმართა.

ჯონ ჰერბსტი

​ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ მას იმედი აქვს შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სანქციები შენარჩუნდეს.

ვფიქრობ, არის რეალური შესაძლებლობა, რომ ამ ადმინისტრაციამ ან კონგრესმა „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესონ.
ჯონ ჰერბსტი​

„მე ვიცი, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმაზე, რომ ეს დარჩეს იზოლირებულ შემთხვევად და არ მოჰყვეს სამომავლო შედეგები. ვფიქრობ, არის რეალური შესაძლებლობა, რომ ამ ადმინისტრაციამ ან კონგრესმა „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესონ. ჩემთვის, საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება მხდალი საქციელია - და დამატებითი ფაქტორი, რათა შეერთებულმა შტატებმა „ნორდსტრიმ 2“-ის გამო სანქციები დააწესოს", - აცხადებს ჰერბსტი.

გადაწვეტილების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ 2014 წლის შემდეგ, რუსეთს აგრესიული ქმედებები არ შეუწყვეტია. მოსკოვი ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადა, დიდ ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტი გამოიყენა, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დღემდე მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუს სეპარატისტებს.

საპარლამენტო ასამბლეის ნაბიჯი, პირველი შემთხვევაა ხუთი წლის განმავლობაში, როცა დასავლეთში რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების გადაწვეტილება მიიღეს.