ჰილარი კლინტონი - რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი

ჰილარი კლინტონის წიგნი „რთული არჩევანი“ ამერიკის წიგნის მაღაზიებში ივნისიდან გაიყიდება
ჰილარი კლინტონი ამერიკის მომავალ პრეზიდენტად ჯერ არ იყრის კენჭს, თუმცა საჯარო გამოსვლებს აქტიურად მართავს და ამასთან ბებიობისთვის ემზადება.

„მარკი და მე აღტაცებულები ვართ, რომ წლის ბოლოს ჩვენი პირველი შვილი მოევლინება ქვეყანას.“

ჰილარი კლინტონს ცოტა ხნის წინ უკმაყოფილო ადამიანისგან ნასროლი ფეხსამცლის მოგერიებაc მოუხდა.

პოლიტიკური კარიერის მომავალზე კომენტირებისას, ქალბატონი კლინტონი თავშეკავებულია, თუმცა ყველა გამოსვლაში ქალთა უფლებებს აქტიურად იცავს.

„მჯერა, რომ 21 საუკუნეში ამერიკასა და მთელს მსოფლიოში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, მათი მონაწილეობა განმტკიცდება, ასევე გაიზრდება მათი ჩართულობა და შესაძლებლობები."

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერტის ჯონ საიდსის განცხადებით, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად ჰილარი კლინტონი ძლიერი კანდიდატი იქნება.

„კლინტონს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის საუკეთესო შესაძლებლობა აქვს."

საკითხავია, სურს თუ არა ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო კამპანიაში ხელახლა ჩაერთოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს პრაიმერის დროს ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

„კლინტონს ამომრჩევლები კარგად იცნობენ. ამიტომაც იმიჯზე ზრუნვა მას ნაკლებად მოუწევს. ერთადერთი, რაც უნდა განსაზღვროს ის არის, თუ რამდენად აქვს საამისო სურვილი და გამძლეობა.“

ანალიტიკოსი სტივენ ჰესი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონი, როგორც ფავორიტი კანდიდატი, პოლიტიკური სამიზნე გახდება.

„როცა პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას იღებს, მას კონკურენტები და მედია მიზანში იღებენ. თუმცა კარგია ის, რომ კლინტონი ბევრ ფულს შეაგროვებს და საპრეზიდენტო პოლიტიკისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.“

თუ ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, მას 2012 წელს ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტს გაუხსენებენ. კრიტიკოსთა შორისაა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი.

„ბენღაზის ტერაქტის დროს ამერიკის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. მათი ოჯახები იმსახურებენ სიმართლის ცოდნას, ადმინისტრაცია კი ამას გულმოდგინედ მალავს.“

თუმცა ანალიტიკოსი კარლინ ბოუმანი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა ჰილარი კლინტონს იმიჯი მაინც შეულახა:

„ჰილარი კლინტონზე ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფართო სპექტრში, 1992 წლის შემდეგ მასზე შეხედულება მუდმივად დადებითია."

ჰილარი კლინტონის წიგნი, სახელწოდებით „რთული არჩევანი“, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გატარებულ წლებს ეძღვნება, ამერიკის წიგნის მაღაზიების თაროებზე ივნისში გამოჩნდება.